უკრაინამ რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციები შემოიღო
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სპეციალურ ბრძანებულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებიულ გარკვეულ კომპანიებს და მეწარმეებს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ გააკეთა.
ბრძანებულების მიხედვით, 30 რუსული იურიდიული და 14 ფიზიკური პირი უკვე არსებული სანქციების სიას დაემატა. შედეგად, სანქციების ნუსხაში უკვე შეტანილია 1,762 პირი და 786 კომპანია.
„უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული ანალოგიური სანქციები შემოიღო რუსეთის ფედერაციის მიმართ. სანქციები შეეხება იმ კომპანიებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კიბერსივრცეში განხორციელებულ ქმედებებში იყვნენ ჩართული“, – ნათქვამია უკრაინის ეროვნული უშიშროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სანქციები მინიმუმ 5 წლის ვადით იმოქმედებს, რომელშიც გათვალისწინებულია ჯარიმები კონკრეტული რუსი მაღალჩინოსნების მიმართ.