ანდერს ბრეივიკს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა, გადაწყვეტილება საბოლოოა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნორვეგიელ მასობრივ მკვლელს, ანდერს ბრეივიკს, სარჩელზე უარი უთხრა. ბრეივიკმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი გასული წლის მარტში შეიტანა, სადაც ეწერა, რომ მას პატიმრობა სრული იზოლირების პირობებში უწევს, რაც არაადამიანური მოპყრობის ექვივალენტურია.
სარჩელის საპასუხოდ, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კომიტეტმა დაადგინა, რომ „სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიღებს წარმოებაში, რადგან საფუძველს მოკლებულია“. ასევე, კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა.
შეგახსენებთ, რომ ანდერს ბრეივიკმა 2011 წელს, ნორვეგიაში მდებარე უტოიას კუნძულზე სროლის და ოსლოს ცენტრში მანქანის აფეთქების შედეგად, 77 ადამიანი მოკლა, რაც სკანდინავიაში მომხდარ ყველაზე სისხლიან ტერორისტულ აქტადაა მიჩნეული.