რადას შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, არ გამოირიცხება შენობის შტურმი
კიევში მდებარე უმაღლესი რადას შენობა პოლიციის კორდონითაა შემოსაზღვრული, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია-საშუალებები ავრცელებენ.
ადგილზე მობილიზებულია ეროვნული გვარდიის დანაყოფები, პოლიცია და სპეც დანიშნულების რაზმი. სამართალდამცველთა დანაყოფები რადას შენობაშიც განთავსდნენ და სავარაუდოდ, შტურმისთვის ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, შახტის მუშებმა გრუშევსკის ქუჩა გადაკეტეს და ხელისუფლებას სოციალური მოთხოვნები წაუყენეს. მათი თქმით, სახელმწიფოს მეშახტეების მიმართ სახელფასო დავალიანება 30 მილიონ დოლარამდეა.
ადგილზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებაც მოხდა, რომლის შედეგადაც არიან დაშავებულები, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებ არ ვრცელდება. მომიტინგეებთან შესახვედრად პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ირინა გერაშჩენკო გამოვიდა და მათ საინიციატივო ჯგუფის შექმნა და მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა, რაზეც მომიტინგეები დათანხმდნენ.
ამ დროისთვის, ადგილზე არსებული სიტუაცია უკიდურესადაა დაძაბული, თუმცა სამართალდამცველების განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.