“სოციალურ ქსელში პედოფილთა ჯგუფი გამოჩნდა”

სოციალურ ქსელში სავარაუდოდ პედოფილთა ჯგუფი გამოჩნდა, რომლებიც „ფეისბუქზე“ ინტენსიურად ათავსებენ ქართველი ბავშვების ფოტოებს. ერთ-ერთი ასეთი „ფეისბუქექაუნთი“, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ირანელ მამაკაცს ეკუთვნის, რომელიც ქართველი „ფეიბუქსმომხმარებლებიდან“ საკუთარ გვერდზე იზიარებს არასრულწლოვნების ფოტოებს, სადაც სექსუალური შინაარსის კომენტარებს ტოვებენ მისი მეგობრებიც.
ამ ფაქტმა სოციალურ ქსელში ბევრი მომხმარებელი აღაშფოთა. მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, რამდენიმე მშობელმა გახარიას უწყებას ოფიციალური საჩივრითაც მიმართა და პედოფილიის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, აღნიშნული ჯგუფი საქართველოში იმყოფება, მათი „ფეისბუქექაუნთები“ საზღვარგარეთ არის რეგისტრირებული. სოციალურ ქსელში ვარაუდობენ, რომ ფოტოების განთავსების გარდა, ეს ჯგუფი ასევე სოციალურ ქსელში უშუალო კონტაქტზე გადის არასრულწლოვნებთან და მათთან ინტერნეტის მეშვეობით სექსუალური ხასიათის კომუნიკაციას ამყარებს.
ერთ-ერთი „ფეისბუქგვერდი“, სადაც ბავშვების უამრავი ფოტოა განთავსებული, არაბულ ენაზეა დარეგისტრირებული. ფოტოების ქვემოთ კი, ასევე, არაბულ ენაზე კეთდება კომენტარები. აქვე შევხვდებით ამ ფაქტით აღშფოტებული მშობლების კომენტარებსაც, თუმცა, ყველა მათგანი უპასუხოდ რჩება.
„პრაიმტაიმი“ აღნიშნული „ფეისბუქგვერდების“ სახელწოდებებს შეგნებულად არ ასახელებს და არც ბავშვების ფოტოებს აქვეყნებს. თუმცა, მკითხველს რამდენიმე კომენტარს სთავაზობს, სადაც მშობლები დახმარებასა და რეაგირებას ითხოვენ:
„ეს კაცი ქართველი ბავშვების ფოტოებს აზიარებს. ცოტა ყურადღებით. ავადმყოფია. მიაქციეთ ყურადღება, ფოტოები არ გააზიაროს“.
„ეს დეგენერატი პედოფილია, თუ ვინ ჯანდაბაა? საქართველოშია?“
„სასწრაფოდ დაბლოკეთ ეს პედოფილი. წაშალეთ ფოტოები. ვიღაც მანიაკია“.
„რამდენს წაშლი და რამდენს დაბლოკავ. სადაა შინაგან საქმეთა სამინისტრო? რა ხდება ეს?
„ვინ არის, რატომ არ ინტერესდება შსს?“
„მიხედეთ ამ საქმეს, პედოფილების ჯგუფია ეს და მისი სამეგობრო“.
„შსს, დრო არ არის რომ მიხედოთ ამ საქმეს? ვერ ხედავთ რა ხდება?“
„თუ კიდევ იპოვით ასეთ გვერდებს, მომწერეთ, ოფიციალურ წერილს ვამზადებ“.
„როდესაც ფოტოებს დებთ და უთითებთ ფუნქცია – „ყველასთვის“, შეუძლია, უცნობმაც გააზიაროს. ასე აკეთებს ესეც. თან ამ გვერდს თუ დაბლოკავენ, სხვა არაერთი ექაუნთი აქვთ, 3-4, თუ არ ვცდები“.
„ბავშვებით ვაჭრობს სავარაუდოდ. ირანელები უკომენტარებენ და უწონებენ ფოტოებს“.
„შსს-მ უნდა თარგმნოს და მიხედოს ამ საქმეს“.
შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტის შესწავლა უკვე დაწყებულია. საქმეში სავარაუდოდ, შსს-ს კიბერუსაფრთხოების სამსახურიც არის ჩართული, თუმცა, ამ ეტაპზე, შსს-ში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები