ბორის კაკუბავა საბედისწერო მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს

0

„სარალიძე და მისი ჯგუფის წევრები პედაგოგებსაც მასხრად იგდებდნენ, ზოგიერთს პანღურს ურტყამდნენ და ისე იყვნენ გათავხედებულები, კაციშვილი ხმას ვერ სცემდა!“ – აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი ბორის კაკუბავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. გამოცემასთან ბორის კაკუბავა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გარდა მოვლენების განვითარების შესახებაც საუბრობს. ყოფილი დეპუტატი, რომლის ოჯახის 4 წევრი ხორავას საქმის გამოძიებისას დააკავეს, ინტერვიუში ერთ-ერთ საკითხად 51 – ე საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებაზეც მსჯელობს. ბორის კაკუბავა ამბობს, რომ მის შვილიშვილს, 14 წლის სანდრო სუბელიანს გარდაცვლილი დავით სარალიძე განუწყვეტლივ ჩაგრავდა.
მისი თქმით, 2017 წლის 1-ელ დეკემბრამდე, ანუ სისხლიანი გარჩევამდე, სანდრო სუბელიანის გამო, მეორე შვილიშვილი მიხეილ კალანდია დათო სარალიძეს შეხვდა და უთხრა, რომ „ესენი პატარები არიან, ნუ დაჩაგრავთ, ნუ შეაწუხებთ, ნუ ერჩითო“. კაკუბავას ინფორმაციით, დათო სარალიძე და მიხეილ კალანდია ერთმანეთს ადრეც იცნობდნენ და მათი შეხვედრის მიზეზი მირზა სუბელიანის შვილი, სანდრო სუბელიანი იყო.
„დავით სარალიძე სიმაღლით 195 სანტიმეტრი ყოფილა და 176 კილოგრამს იწონიდა. ჩემი შვილიშვილი კი, 14 წლისაა და სულ რაღაც 40 კილოგრამს იწონის. მუსიკოსია და ფორტეპიანოზე უკრავს. გარდაცვლილი დავით სარალიძე ჩემს შვილიშვილს სანდრო სუბელიანს და მის მეგობარს თემურ ჩოგოვაძეს ჩაგრავდა და ატერორებდა. საერთოდ, სარალიძე სკოლაში ცნობილი იყო, როგორც პატარა ბიჭების მჩაგვრელი. ჩემს შვილიშვილს თავში წამოარტყამდა და შეუბღვერდა, ეს ჩაგვრა არ არის? კონფლიქტი, ჩემს შვილიშვილს, მის მეგობარსა და დათო სარალიძეს შორის დიდი ხანია გრძელდებოდა. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ბავშვმა ოჯახში ამ კონფლიქტისა და დაძაბული ურთიერთობის შესახებ არავის არაფერი უთხრა- არც მამას, არც დედას და საერთოდ სკოლაში ისეთი სისტემაა, რომ საერთოდ ვერავის ვერაფერს ეტყვი“ – აცხადებს ბორის კაკუბავა და 2017 წლის 1-ელ დეკემბრის მოვლენებზე დეტალურად საუბრობს.
„ ყველაფერი დაიწყო, 51-ე სკოლის ტუალეტში, სადაც დავით სარალიძემ და მისმა ძმაკაცებმა ჩემს შვილიშვილს სანდრო სუბელიანსა და მის მეგობარს თემურ ჩოგოვაძეს „მიჩმორება“ დაუპირეს. ერთი რამ იცოდეთ, ვინც დღეს ამ სკოლაში ყოჩია, ყველა ნაცების შვილები არიან, რომლებსაც ეს უუფლებო, უხელფასო და შეშინებული პედაგოგები სიტყვის შებრუნებას ვერ უბედავენ! ჩემი შვილიშვილი სანდრო სუბელიანი ამბობს – როდესაც ჩემი მეგობარი ტუალეტში შეიყვანეს და „დაჩმორებას“ უპირებდნენ, მაშინ მე ავყვირდიო, რომ ასე არ მოქცეულიყვნენ – თავს ჩაგაყოფინებთო! – ეუბნებოდნენ ჩოგოვაძეს, ხოლო სანდრომ სარალიძეს და მის ძმაკაცს წინააღმდეგობა რომ გაუწია, ერთ-ერთმა მათგანმა პნევმატური პისტოლეტი ამოიღო და სანდროს ესროლა! – ახლა გაიძახიან სათამაშო პისტოლეტი იყოო! პისტოლეტი სათამაშო არ ყოფილა. უცბად, ტუალეტში ვიღაც სხვა შემოვიდა და სარალიძემ და დანარჩენმა ყოჩებმა შეწყვიტეს სანდროს და მისი მეგობრის ჩაგვრა, თუმცა, მკაცრად უთხრეს – გაკვეთილების შემდეგ ნახავთ, რასაც გიზამთ, დედას მოგ..თო!“ – აცხადებს ბორის კაკუბავა. ამასთან, ბორის კაკუბავა სკოლაში არსებულ სიტუაციაზეც საუბრობს.
„ სარალიძეს სკოლაში დამყარებული ჰქონდა რეჟიმი და თუ ვინმეს აინტერესებს, კიდევ სხვა მომენტებიც მოიკითხოს. კერძოდ, სარალიძე და მისი ჯგუფის წევრები პედაგოგებსაც მასხრად იგდებდნენ, ზოგიერთს პანღურს ურტყამდნენ და ისე იყვნენ გათავხედებულები, კაციშვილი ხმას ვერ სცემდა. ნიშანდობლივია, ის ფაქტი, რომ მსგავსი ამბები, მარტო 51 -ე სკოლაში კი არ ხდება, თითქმის ყველგან ხდება. საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შესახებ, ჩემმა შვილიშვილმა დეიდაშვილს მიხეილ კალანდიას დაურეკა და უთხრა- „მიშა ესენი გაკვეთილების შემდეგ ცემას გვიპირებენო და დაგვეხმარეო. მიშა რაგბისტია, სკოლა წელს დაამთავრა, 1-ელ დეკემბერს ის არასრულწლოვანი იყო, ძალიან ძლიერია ფიზიკურად და იარაღი სულაც არ დასჭირდებოდა, ხუთ კაცს ისე სცემდა. ეგ საჩხუბრად არ წასულა იქ, მხოლოდ სამი ძმაკაცი წამოიყვანა, მიშა მანამდეც არის არის სარალიძესთან მისული და ნათქვამი აქვს – ესენი პატარები არიან და ნუ დაჩაგრავო, ნუ შეაწუხებთ, ნუ ერჩითო! მიშამ მითხრა, ბაბუ, მე რომ მაგათთან საჩხუბრად წავსულიყავი 15 კაცს მაინც წავიყვანდიო, რადგან ვიცოდი ძლიერები იყვნენ, მაგრამ საჩხუბრად არ წავსულვართო“, – აცხადებს ბორის კაკუბავა.
მისი თქმით, სკოლის შენობასთან მისულ ბიჭებსა და 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ლაპარაკი დაიწყო, სადაც მანდატური ჩაერთო. კაკუბავას ინფორმაციით, მოსწავლეებმა საქმის გარჩევა ხორავას ქუჩაზე გააგრძელეს.
„ბავშვები დაშოშმინდნენ. თითქმის ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ, ამ ცხონებულმა დავით სარალიძემ, რომელიც სიგარეტს ეწეოდა, სიგარეტი ცერა თითსა და საჩვენებელ თითს შორის გამოიმწყვდია და წკიპურტით ესროლა გიორგი ჯანაშიას, რომელიც ჩემ შვილიშვილს მიხეილ კალანდიას ახლდა. ჯანაშიას სიგარეტი მოხვდა ცხვირსა და თვალს შორის, ჯანაშიას უთქვამს, რას შვრები ბიჭოო?! ამის საპასუხოდ დავით სარალიძემ მას დაარტყა, ფეხქვეშ გაიგდო და ატყდა ჩხუბი, სადაც ყველა ჩაერთო“ – აცხადებს ბორის კაკუბავა. ამასთან, ვრცელ ინტერვიუში ყოფილი დეპუტატი ლევან დადუნაშვილზეც საუბრობს:
„51 -ე სკოლის დირექტორი რომ გაიძახის – დათუნა სარალიძე ყველას უყვარდაო – ღმერთმა აცხონოს, მაგრამ თუ სარალიძე უყვარდათ, დაჭრილი და სისხლმდინარი ძმაკაცებმაც როგორ მიატოვეს. რაც შეეხება ლევან დადუნაშვილს, იგი წესიერი ბიჭი იყო და არც არავის ჩაგრავდა, ჩემი ინფორმაციით, ლევან დადუნაშვილი მეცადინეობიდან თუ საიდანღაც ბრუნდებოდა, როცა ამ სისხლიან დაპირისპირების ფინალს შეესწრო… სასიკვდილოდ დაჭრილი სარალიძე ძირს ეგდო, მიშა და მისი ძმაკაცები გამორბოდნენ, როცა მათ ლევან დადუნაშვილი შეეფეთათ. დადუნაშვილი ერთი დანით არის მოკლული, პირდაპირ გულში მოხვდა დანა. მეტი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს ასეთ სიცოცხლეს, სიკვდილი სჯობს“, – აცხადებს ბორის კაკუბავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევისას 51 -ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპნენ. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დაკავებულები არიან ბორის კაკუბავას ორივე სიძე, ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია.  კაკუბავას შვილიშვილი ლუკა კალანდია, რომელიც დანაშაულის დაფარვის ბრალდებით იყო დაკავებული, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. გარდა ამისა, ბორის კაკუბავას შვილიშვილის მიხეილ კალანდიას ორ მეგობარს გიორგი ჯანაშიას და გიორგი ბარბაქაძეს სასამართლომ 10 წლამდე პატიმრობა უკვე მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი