რა შეცდომებს უშვებენ მშობლები საბავშვო ბაღებში შვილების ელექტრონული რეგისტრაციის დროს

0

18 ივნისს საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს  მონაცემებით, წელს თბილისის 180 ბაღი  15 0000-მდე აღსაზრდელს მიიღებს. წინა წლებთან შედარებით, ბავშვების რაოდენობა გაზრდილია. აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილებიც იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით სარგებლობენ, ასევე, 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შვილები. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 22 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება, სადაც შესაძლებელი იქნება, დარეგისტრირდეს ყველა ის აღსაზრდელი, რომელიც პირველი ეტაპის კატეგორიას არ მიეკუთვნება.

უკვე ხუთი წელია, იმ ოჯახებისთვის, ვისაც ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა სურს, ზაფხულის დასაწყისი  დიდ თავსატეხად იქცა. ბავშვი ბევრია, საბავშვო ბაღი – ცოტა. ამიტომაცაა, რომ ელექტრონული რეგისტრაცია, რომლის მეშვეობითაც ბავშვების დარეგისტრირება ხდება, ამ პროცესის ყველაზე ხმაურიანი ნაწილია. რეგისტრაციას კომპიუტერთან ჩასაფრებული ცდილობს ყველა: ბავშვის დედ-მამა, ბებია-ბაბუა, ნათესავები. წინ რთული გამოცდილება აქვთ – პორტალის გახსნიდან 15 წუთში სასურველ ბაღში ყველა ვაკანსია შეიძლება დაკავებული აღმოჩნდეს, ან უცებ სერვერი გაითიშოს. ზოგი ამას სააგენტოს აბრალებს, ზოგი – მშობელს, რომელიც კომპიუტერულ უნარებში ვერ ერკვევა. ფაქტი ისაა, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვის მიყვანა იოლი საქმე არ არის. იმის მიუხედავად, რომ ყოველწლიურად თბილისში ახალი ბაღები შენდება, ჯგუფები მაინც გადატვირთულია და არსებულ კონტინგენტს არ ჰყოფნის. საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ახალ სტანდარტზე, რაზეც მთავრობა მუშაობს, სხვა დროს მოგითხრობთ. ახლა მთავარი რეგისტრაციაა – ის, რასაც ყველაზე ხშირად  აპროტესტებენ მშობლები, ვისაც არ გაუმართლა და შვილი საბავშვო ბაღს გარეთ დარჩა. გასულ წელს ასეთი ბავშვების რიცხვი 3000 იყო.

შორენა ჭუმბურიძე მარტოხელა დედაა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გლდანში ცხოვრობს, უფროსი შვილი მეორეკლასელი ჰყავს, უმცროსი – 4 წლის, მისი საბავშვო ბაღში მიყვანა შორენასაც გაუჭირდა.  მარტოხელა დედა სამსახურს, რომელსაც დიდხანს ეძებდა და ძლივს მიაგნო, ვერ მიატოვებდა. ბავშვი საბავშვო ბაღში ვერ დაარეგისტრირა, რის გამოც მისი რაიონში გაგზავნა მოუხდა ხანშიშესულ მშობლებთან. პატარა ნიკო მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ ჩამოიყვანა თბილისში, როდესაც ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ადგილი განთავისუფლდა: „ვიცოდი, რომ ბავშვის რეგისტრაცია რთული იყო, ამიტომაც, როდესაც ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, თადარიგი დავიჭირე. სახლში კომპიუტერი არ მქონდა და ორი მცირეწლოვანი ბავშვით მეზობელს შევეხიზნე, რომ მისი კომპიუტერიდან მომეხდინა ბავშვის რეგისტრაცია. 9 საათზე, როდესაც რეგისტრაცია დაიწყო, სერვერს ტექნიკური პრობლემა აღმოაჩნდა, ალბათ, 2-3 წუთის შემდეგ შევძელით პროგრამასთან დაკავშირება და იმ ბაღში ყველა ადგილი უკვე  შევსებული დამხვდა.  ეს ბაღი ჩემი სახლიდან ახლოს იყო, ამიტომ არჩევანს მასზე ვაკეთებდი, ორ მცირეწლოვან შვილს შორს ვერ ვატარებდი. ორი წელი უმუშევარი ვიყავი, სამსახური ახალი დაწყებული მქონდა, რომელიც ჩემი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. თუ ბავშვს საბავშვო ბაღში ვერ მივიყვანდი, სამსახური უნდა მიმეტოვებინა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ბავშვის საბავშვო ბაღში დარეგისტრირება ვერ მოვახერხე, იძულებული გავხდი, მშობლებთან გამეგზავნა რაიონში, ჩემი მშობლები ისეთ ასაკში არიან, 4 წლის ბავშვის გაზრდა უჭირდათ, ბავშვიც ჩემს გარეშე პირველად დარჩა, რაც ძალიან მანერვიულებდა, ყველა ჯერზე ცრემლიანი თვალებით მშორდებოდა და მთხოვდა, რომ ჩემთან წამომეყვანა. ეს მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ მოვახერხე, როცა ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ადგილი გამოთავისუფლდა. იმის მიუხედავად, რომ ეს ბაღი ჩემი სახლიდან საკმაოდ დაშორებული იყო, უარს ვერ ვიტყოდი. ასე რთულად  დაიწყო ნიკოს გზა  საბავშვო ბაღში“.

ანალოგიურ ისტორიებს საკმაოდ ბევრი მშობლისგან მოისმენთ. მათაც კი, ვინც ბავშვების საბავშვო ბაღში დარეგისტრირება მთელი ოჯახისა და სანათესაოს დარაზმვის შედეგად შეძლო,  ეს პერიოდი რთულად ახსოვთ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე,  რომელიც ამ პოზიციაზე რამდენიმე თვის დანიშნულია, ამბობს, რომ წელს ისეთი მძიმე ვითარება აღარ იქნება, რაც წინა წლებში იყო, რადგან 2018 წლის სექტემბერში 11 ახალი საბავშვო ბაღი  დაიწყებს მუშაობას და ვინც ვერ მოახერხებს რეგისტრაციას საწყის ეტაპზე,  სააგენტო მათ საკითხს სექტემბრისთვის განიხილავს.

კახაბერ გვანცელაძე: „წელს საბავშვო ბაგა-ბაღები, წინა წელთან შედარებით, სამი ათასით მეტ ბავშვს მიიღებს. ტექნიკური სამზადისი, პროგრამის ტესტირება რეგისტრაციამდე გავიარეთ, გვქონდა რამდენიმე მცდელობა, პროგრამამ გამართულად იმუშავა, შესაბამისად, პრობლემები წელს არ უნდა ყოფილიყო.   ჩვენ მაქსიმალურად ვცადეთ, მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მშობლებისთვის, როგორ უნდა შეევსოთ აპლიკაციის ფორმა, რომ ტექნიკური პრობლემები აგვერიდებინა. ეს არცთუ იშვიათად ხდებოდა მიზეზი, რის გამოც ისინი სერვერთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. როდესაც აპლიკაციას რამდენიმე ადამიანი ავსებს  ერთდროულად სხვადასხვა ბრაუზერის გამოყენებით, ათ წუთში 50 ბავშვისგან დაკომპლექტებული ჯგუფის შევსება რა პრობლემაა. საზაფხულო ბაღების შემთხვევაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩავატარეთ, 15 წუთში  ბავშვების დაახლოებით 80% დარეგისტრირდა. სულ 13 ათასი ვაკანტური ადგილი იყო. ძალიან ხშირად მშობლები აკოპირებდნენ ტექსტს, რასაც ნაკლები დრო სჭირდება, ვიღაცამ ეს იცის, ვიღაცამ – არა, ნაკლებად ერკვევა კომპიუტერულ უნარებში, წელს ყველა მშობელი ერთნაირ პირობებში რომ ჩაგვეყენებინა, პროგრამას კოპირებისა და ჩასმის ფუნქცია გავუუქმეთ. აპლიკაციის შევსებას დაიწყებს ყველა ერთად, როცა პორტალი გაიხსნება და რეგისტრაცია დაიწყება. 

სექტემბერში 9 ახალი ბაღი გაიხსნება და 2 კორპუსი დაემატება არსებულ ბაღებს, რეგისტრაციის პროცესში ეს ბაღებიც არის  ჩართული, რაც გვაძლევს იმედს, რომ წელს  უკეთესი მდგომარეობა გვექნება. ჩვენ ვმუშაობთ ახალ სტანდარტზე, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს და 2020 წლიდან ამუშავდება. ჰიგიენა, კვების რაციონი, აღმზრდელების კვალიფიკაცია, ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღებში ახალი რეგულაციები და წესები – ეს იქნება  მთავარი კრიტერიუმები. ახალ ბაღებში, რომელიც წელს გაიხსნება, ეს სტანდარტები დაცული იქნება. რაც შეეხება ძველ საბავშვო ბაღებს, მათი გადაწყობა ახალ სტანდარტზე შეძლებისდაგვარად მოხდება“.  

  ნინო  გულბათაშვილი, „საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი:

– ელექტრონული რეგისტრაციის დროს ტექნიკური პრობლემები ჩვენი მიზეზით არ წარმოიქმნება. როცა ერთი და იგივე ბავშვის მონაცემი 15 კომპიუტერიდან  შეჰყავთ, ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს  პროგრამის შეფერხებას, რომელიც რამდენიმე იდენტურ მონაცემს ვერ აღიქვამს. პროგრამა დაკავშირებულია  საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზასთან, რომ მოახდინოს იდენტიფიცირება, რამდენად აუთენტურია კონკრეტული მონაცემი. მშობლები შეცდომებს უშვებენ აპლიკაციის შევსების დროსაც, მაგალითად, ბავშვის პირადი ნომრის ნაცვლად შეიძლება მიუთითონ აქტის ჩანაწერის სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც პირადი ნომრის მსგავსად თერთმეტნიშნაა. ზოგიერთი ჯგუფს არ ირჩევს სწორად და სხვა ასაკობრივ კატეგორიაში ცდილობს ბავშვის დარეგისტრირებას. პროგრამა, როგორც გითხარით, მიბმულია საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზასთან. როცა ვერ მოხდება მონაცემის იდენტიფიცირება, პროგრამა, ავტომატურად, ვერ მოახდენს მონაცემების რეგისტრაციას.

დღევანდელი მონაცემებით ყველა საჯარო ბაღში ერთად გვყავს 62 ათასამდე ბავშვი. მათი რაოდენობა რეალურად არ იცვლება. ბავშვი ერთი ჯგუფიდან  გადადის მეორე ჯგუფში, მეორიდან – მესამეში და ა.შ., პრაქტიკულად ადგილები თავისუფლდება მხოლოდ მისაღებ ჯგუფში, გამონაკლისები ხდება ზედა ჯგუფებშიც, მობილობის დროს, ამიტომაც არის ყველაზე დიდი პრობლემა პირველ, ბაგის ჯგუფში. ჩვენ ვერ გავექცევით იმას, რომ ჯგუფები ძალიან გადატვირთულია, ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ახალი ბაღების გახსნით მოგვარდება.

– ყველაზე რთულად თბილისის რომელ რაიონებში დგას ეს პრობლემა?

–  რთულად გვაქვს საქმე ისანი-სამგორში, ნაძალადევში, ჩუღურეთში. ვაკისა და საბურთალოს ცენტრალურ ნაწილებში, სხვა უბნებთან შედარებით, ნაკლებია ბაღების რაოდენობა, მაგრამ იქ ახალი ბაღების მშენებლობა რეალურად პრობლემაა, რადგან ამ უბნებში მუნიციპალიტეტის მფლობელობაში  ტერიტორიები თითქმის არაა. ახალი სტანდარტი საბავშვო ბაღის ასაშენებლად ითხოვს გარკვეულ ტერიტორიას, რომლის მოძიება ვაკე-საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში რთულია. წელს ფუნქციონირებას დაიწყებს ორი ახალი ბაღი დიდ დიღომში, ერთი – სოფელ დიღომში. დიღომში რთულად გვქონდა საქმე, იქ მცხოვრები ბავშვები დადიოდნენ დიდუბეში, სადაც საკმაოდ ცოტა ბაღია და დიდუბის მოსახლეობის  ბავშვებსაც  არ ყოფნით. ორი ბაღი დაგვემატება ნაძალადევში, ერთი – ჩუღურეთში, ერთი – ნუცუბიძის მეოთხე  მიკრორაიონში, ორი ბაღი –  გლდანში.  მომავალი წლიდან 12 ავარიული ბაღის ნგრევას და ახლის აშენებას ვიწყებთ, რაც სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის. 2020 წლისთვის ჩვენ უკვე კანონი არ მოგვცემს ამის შესაძლებლობას, რომ  ჯგუფები გადატვირთული იყოს, 2020 წლისთვის ბაგაში უნდა იყოს, მაქსიმუმ, 25 ბავშვი, ხოლო 3-6 წლის ასაკის ჯგუფებში – მაქსიმუმ 30 ბავშვი.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი