ბაშარ ალ ასადი აშშ-ს, სირიის სამხედრო ლოკაციების დაბომბვებში ადანაშაულებს
ბაშარ ალ-ასადის და სირიის სამთავრობო ტელეარხის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციამ აღმოსავლეთ სირიაში მდებარე სამთავრობო ლოკაციები დაბომბა, რამაც მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სირიის სამთავრობო ტელევიზიის მტკიცებით, დაბომბილია ალ-ჰარა, რომელიც აბუ ქამალის სამხრეთით მდებარეობს. ბაშარ ალ-ასადმა ტელეარხს განუცხადა, რომ კონკრეტული ლოკაციების დაბომბვა, ამერიკული დრონებით განხორციელდა. მისი ვარაუდით, ქვეყნის სამხედრო ლოკაციებთან ერთად, ასევე დაბომბილია სირიაში არსებული ერაყული შენაერთებიც.
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სამეთაურო შტაბმა სირიის ბრალდებებს მალევე უპასუხა. აშშ-ის სამხედრო სამეთაურო შტაბის სპიკერის, მაიორ ჯოშ ჟაკის განცხადებით, აბუ ქამალის სიახლოვეს მდებარე ლოკაციები ამერიკულ მხარეს არ დაუბომბავს.