ნიუ-ჯერსის შტატში, სროლის შედეგად, 22 ადამიანი დაიჭრა
ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შტატში სროლა მოხდა. შემთხვევა ხელოვნების ნიმუშების გამოფენის დროს მოხდა, რომელიც ქალაქ ტრენტონში იმართებოდა. დაჭრილია 22 ადამიანი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN-ი ავრცელებს.
22 დაშავებულიდან 4- ის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდებოდა, თუმცა ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურებულია, მათ შორისაა 13 წლის მოზარდი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას უკონტაქტო იყო.
მერსერის ოლქის პროკურორის, ანჯელო ონოფრის განცხადებით, სროლა ორ პიროვნებას შორის მოხდა, რომლებიც გამოფენაზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მსროლელი 33 წლის ტაჰაჯ უელსია, რომელმაც ახლახან დატოვა პენიტენციური დაწესებულება, სადაც ის სასჯელს მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეზე იხდიდა. ტელეარხის ინფორმაციით, ტაჰაჯ უელსი პოლიციამ ადგილზე მოკლა, ხოლო მეორე მსროლელი, 23 წლის ამირ არმსტრინგი დაკავებილია. პოლიციამ მას უკვე წაუყენა ბრალი იარაღის უკანონო ფლობისთვის. პროკურორის განცხადებით, სროლა კრიმინალურ ჯგუფებს შორის საქმის გარჩევას უკავშირდება და არა ტერორიზმს.