სამხედრო კოალიციამ იემენის ქალაქ ჰოდეიდადში მდებარე აეროპორტის პოზიციები აიღო
საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების სამხედრო კოალიციური ძალები იემენის ქალაქ ჰოდეიდადში კვლავ აგრძელებენ ბრძოლას ჰუსიტური რეჟმის წინააღმდეგ. იემენის მთავარი საპორტო ქალაქი პრაქტიკულად კოალიციის კონტროლქვეშაა გადასული. კოალიციის ძალებმა ქალაქში მდებარე აეროპორტის თითქმის ყველა პოზიცია აიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კოალიციური ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ინტენსიური სამხედრო ოპერაცია ჰოდეიდადში უკვე სამი დღეა მიმდინარეობს. მან ასევე, ოპერაციის მოკლე დროში დასრულების იმედი გამოთქვა, რათა მიმდინარე მოვლენებმა მშვიდობიან მოსახლეობაში ჰუმანიტარული კრიზისი არ გამოიწვიოს.
გაერომ იემენში მიმდინარე მოვლენებზე ცოტა ხნის წინ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ იემენის მთავარ საპორტო ქალაქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები ქვეყანას ჰუმანიტარულ კრიზისს შეუქმნის, რადგან იემენი საკვები პროდუქტებით სწორედ ხსენებული პორტიდან მარაგდება.