“მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერების დასწრების ფაქტზე, არ გამოვრიცხავ, FIFA-საც მივმართოთ”
პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერების, რაულ ხაჯიმბასა და ანატოლი ბიბილოვის დასწრების ფაქტზე, ქართული მხარე რეაგირებას მოახდენს.
მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთი შეურაცხყოფაა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, რომლის შემოქმედი ვლადიმერ პუტინია.
„ამაზე ქართული მხარე რეაგირებას მოახდენს. ეს იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვა. არ გამოვრიცხავ, FIFA-საც მივმართოთ. ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფაა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, რომლის შემოქმედი ვლადიმერ პუტინია”, – განაცხადა ძიძიგურმა.
ცნობისათვის, რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები ესწრებოდნენ. სეპარატისტული რეჟიმების ხელმძღვანელები რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი ღონისძიებაზე ორგანიზატორების მიწვევით იმყოფებოდნენ.