„თალიბანის“ პაკისტანური ქსელის ლიდერი მულა ფაზლულა მოკლულია
ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე, ამერიკისა და ავღანეთის ერთობლივი საავიაციო იერიშის შედეგად, რადიკალური „თალიბანის“ პაკისტანური ქსელის ლიდერი მულა ფაზლულა მოკლულია, -ამის შესახებ განცხადება ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წარმომადგენელმა, რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ კუნარის პროვინციაში, კონტრ-ტერორისტული ოპერაციისას, „თალიბანის“ პაკისტანური ქსელის დაჯგუფება გაანადგურეს. თუმცა, მარტინ ო’დონელმა, მულა ფაზლულას ლიკვიდირების შესახებ, დადასტურებისგან თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მოძრაობა „თეჰრიკ-ე თალიბან პაკისტანის“ 3 ტერორისტის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, 11 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა, მათ შორის 5 მილიონი დოლარი პირადად მულა ფაზლულას დაკავებისთვის სასარგებლო ინფორმაციის სანაცვლოდ.