დიმიტრი ცქიტიშვილი: ევროკავშირის ხალხის სახელით ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს პოლიტიკურ ბრძოლაში

„ევროპარლამენტარების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, -„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის აგრესიიდან 10 წლის შემდეგ“, იმდენად დიდი იყო მხარდაჭერა რომ ელექტრონული კენჭისყრა საჭირო აღარ გახდა“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

„ძალიან კომპლექსური და ყოვლისმომცველი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა, რომელიც მოიცავს ყველა საკითხს, რომელიც აქამდე ყოფილა საქართველოს ზრუნვისა და შეშფოთების საგანი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის, იქ არსებული პრობლემების, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, გადაადგილების შეზღუდვის და სხვა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულის მკვლელობები და ასეთი დანაშაულების საქმეების გამოუძიებლობა.

რეზოლუციაში ასევე ნახსენებია და მხარდაჭერილია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია რომელიც ამ საკითხს უკავშირდება და მოუწოდებენ სხვა ქვეყნებს რომ ეს დამოკიდებულება მათაც გაიზიარონ. რეზოლუციაში შესულია ყველა ის საკითხი, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაყენებდით სხვადასხვა საერთაშორისო, ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ევროკავშირის კონსოლიდირებული პოზიცია, დამოკიდებულება, რომელიც ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს თავის სამართლიან ბრძოლაში და მეორე მხრივ ძალიან მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საქართველოში“,-განაცხდა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის კონსოლიდირებული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებასა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ეს არის კონსოლიდირებული ევროპული მხარდაჭერა. ევროკავშირის უმაღლესი ორგანო, თავისი  სტატუსით და დემოკრატიული ლეგიტიმაციით – ევროპარლამენტი, ეს არის ხალხის მიერ არჩეული ერთადერთი ორგანო ევროკავშირში, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია, რომელიც საუბრობს ევროკავშირის ხალხის სახელით და ევროკავშირის ხალხის სახელით ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენა 10 წლისთავზე.  ბრძოლის შემდეგი 10 წელი იქნება სხვა მასშტაბების და უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული მხარდაჭერით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

დიმიტრი ცქიტიშვილმა ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეულ სამუშაოებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის მმართველი გუნდის სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი.

„პარლამენტმა და კონკრეტულად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია ამ საქმიანობისთვის. რეზოლუციის პათოსის დამკვიდრებას ხელი შეუწყო  ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლების სწორმა, რაციონალურმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ რუსეთის მიმართ. თუნდაც იმან, რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, ჩვენ არც ერთხელ არ წამოვეგეთ პროვოკაციას, და პროვოკაციების საპასუხოდ, ჩვენ მაინც მკაფიოდ ვუჭერთ მხარს სამშვიდობო პოლიტიკას.

ეს აძლევს ევროკავშირს საშუალებას, რომ თამამად დაგვიჭირონ მხარი, რადგან ხედავენ რომ არც ერთ შემთხვევაში ამ კონფლიქტს განახლებისკენ არ მივიყვანთ. ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის სამშვიდობო პოლიტიკით მივიდეთ ჩვენს დასახულ მიზნებამდე. ამიტომ 2012 წლიდან დაწყებული, მთავრობის საგარეო პოლიტიკამ მნიშვნელოვნად განაპირობა ის რომ განწყობა მკვეთრად შეცვლილია და ასეთი ცალსახაა ჩვენი მხარდაჭერა“ – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ: სოციალისტებმა და დემოკრატებმა; სახალხო პარტიამ, ლიბერალების გაერთიანებამ, მწვანეებმა და ევროპელმა კონსერვატორებმა.  „ცალსახაა, რომ ქართულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი წარმატება მოიტანა და მოგვცა განწყობათა ცვლილება ევროპაში საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები