“6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშებში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს”

SOS – 6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშებში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს, – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული.
მეტიც, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში.
მაგალითად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზირებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით, თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს, საცალო ვაჭრობის არასპეციალიზირებული მაღაზიების ბრუნვამ (სუპერმარკეტები, უბნის მაღაზიები და სხვა.), 4, 094 მლრდ ლარი შეადგინა. თვალსაჩინოებისთვის, საწვავის ბაზრის ბრუნვის მოცემულობა შარშან 2,343 მლრდ ლარი იყო, რესტორნებისა და სასტუმროების მთლიან ბრუნვას კი, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა თითქმის 4,1 მლრდ ლარით აღემატება. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს „განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული დაწესებულებების“ ბრუნვამ სულ 1,559 მლრდ ლარი შეადგინა. როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში ადამიანები, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, აზარტულ თამაშებში იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში, კვებასა და სასტუმრო-რესტორნებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები