„20-30 ძაღლს ყრიდნენ წყალში და დენზე აერთებდნენ” – როგორ კეთდება ფული ქუჩის ძაღლების ხარჯზე?

როგორ კეთდება ფული ქუჩის ძაღლების ხარჯზე? „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ამ სკანდალური საქმით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა. არ არის გამორიცხული, ფინანსური მაქინაციების შესწავლის პროცესში სხვა არანაკლებ მძიმე დანაშაულიც გამოვლინდეს. კერძოდ, საუბარია ქუჩის ძაღლების მასობრივ მკვლელობაზე.

კომპანია, რომელიც არაერთ მუნიციპალიტეტში ქუჩის ძაღლების სტერილიზაცია-მარკირებით არის დაკავებული, შესაძლოა, სერიოზულ სკანდალში გაეხვიოს. ამ თემაზე „პრაიმტაიმი“ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელს, თემურ ლაჭყებიანს ესაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული კომპანია ფორმალურად, მხოლოდ საბუთებში აღნუსხავს ძაღლების მარკირებას, ბიუჯეტიდან თანხები ერიცხება, სინამდვილეში კი ტენდერით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებს. უფრო მეტიც, თემურ ლაჭყებიანი იხსენებს ფაქტებს, როდესაც შპს „იმერეთი ჯგუფი“ ქუთაისში ძაღლების მასობრივ მკვლელობას ახდენდა. კერძოდ, 20-30 ძაღლს წყლით სავსე ავზში ათავსებდნენ და დენზე აერთებდნენ. და აი, რას გვიყვება ჩვენი რესპონდენტი.

თემურ ლაჭყებიანი, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი:

– ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს საქართველოში არსებულ ცხოველთა ყველა თავშესაფრისა და ნებისმიერი ობიექტის მონიტორინგს, სადაც ცხოველები არიან განთავსებულნი, იქნება ეს ზოოლოგიური კუთხე, ზოოპარკი, დელფინარიუმი, ფერმები თუ სხვ. მონიტორინგის განხორციელების უფლება მუნიციპალიტეტებმა მოგვანიჭეს და როდესაც ხდება ტენდერების გამოცხადება თავშესაფრის მომსახურებაზე, ტენდერის პირობებშივე ჩადებულია მონიტორინგის განხორციელების უფლება და სწორედ ჩვენი ორგანიზაცია ახდენს ამის მონიტორინგს.

– და რა დარღვევები გამოავლინეთ ამ მონიტორინგის შედეგად?

– მოგახსენებთ. არსებობს ასეთი ორგანიზაცია – შპს „იმერეთი ჯგუფი“, რომელიც ცხოველებს იჭერს თითქოსდა თავშესაფარში გადაყვანის მიზნით, მაგრამ სინამდვილეში ხდებოდა მათი ნაწილის ლიკვიდაცია, ნაწილის გადასახლება ერთი ტერიტორიიდან სხვა ტერიტორიაზე, ტყეში, ან სულ სხვა მუნიციპალიტეტში და ამ გზით ხდებოდა თანხების მითვისება.

– როგორ მოხდა ამ კომპანიის შერჩევა?

– ამ კომპანიას ტენდერის გზით გაუფორმა ხელშეკრულებები არაერთმა მუნიციპალიტეტმა, მაგრამ ამ სკანდალების შემდეგ უმეტესობამ ხელშეკრულება შეწყვიტა. წარსულში ისინი ბევრ მუნიციპალიტეტში საქმიანობდნენ, მაგრამ ახლა ჭიათურასა და ბორჯომში აგრძელებენ საქმიანობას.

– როდესაც თანხების შესაძლო მითვისებაზე საუბრობთ, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა თანხებზეა საუბარი?

– თითო ძაღლში იღებენ 40 ლარს. ამ თანხაში იგულისხმება, რომ უნდა მოხდეს ძაღლის სტერილიზაცია, ვაქცინაცია, საჭიროების შემთხვევაში ოპერაცია, 10 დღე უნდა კვებოს, ათი დღის შემდეგ ყურზე ბირკა დაადოს და უკან ქუჩაში დააბრუნოს. ესაა პროცედურა, მაგრამ ამ თანხაში ეს არის ფიზიკურად შეუძლებელი. და რა ხდება სინამდვილეში? წერენ დიდ რაოდენობას, ძაღლების დიდ ნაწილს იჭერენ სხვა მუნიციპალიტეტებში, შემდეგ გაატარებენ, რომ თითქოს ჭიათურაში ჰყავთ დაჭერილი, რათა მოხდეს მეტი თანხის ათვისება, ამ ძაღლების ნაწილს შემდეგ ისევ ტყეში უშვებენ, ნაწილი გზებზე იხოცება. უფრო მეტიც, ეს ადამიანები ახდენდნენ ამ ძაღლების ლიკვიდაციას. ახლა ხელოვნურ მიგრაციას მიმართეს.

– ლიკვიდაცია რა მეთოდით ხდებოდა?

– წარსულში ლიკვიდაცია ხდებოდა ელექტროშოკის გამოყენებით. დენს უერთებდნენ პირდაპირ და ახდენდნენ მათ მოკვდინებას. არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა განცხადებებით და ითხოვდნენ ამ სადისტური მეთოდის შეჩერებას. იყო შემთხვევები, როცა ძაღლებს სათითაოდ ხოცავდნენ, მაგრამ ქუთაისში თავიანთ შტაბში მოიფიქრეს ასეთი რამ: სათითაოდ რომ არ ეწვალათ, წყალში ერთად ყრიდნენ ძაღლებს  და აერთებდნენ დენზე. ერთ ჩაყრაზე 20-30 ძაღლს ყრიდნენ წყალში და დენზე აერთებდნენ. ასეთი სადისტური მეთოდებით ხდებოდა ძაღლების ლიკვიდაცია, რომელსაც ადგილობრივებიც დაგიდასტურებენ.

– და ახლაც გრძელდება ასეთი მეთოდების გამოყენება?

– როდესაც ნახეს საზოგადოების და ჩვენი ორგანიზაციის პროტესტი, ეს მეთოდი შეწყვიტეს. ეს ხდებოდა ქუთაისში და იქ გაუწყვიტეს კიდეც ხელშეკრულება. ახლა ჭიათურაში აგრძელებენ საქმიანობას. იქ მასობრივი მკვლელობები არ დაგვიფიქსირებია, თუმცა ხდება ცხოველების მასობრივი გადასახლება რიგ შემთხვევაში სხვა მუნიციპალიტეტებში და რიგ შემთხვევაში – ტყეებში. შემდეგ ამ ძაღლებს თავიდან შემოაბრუნებენ და მოხდება ხელახლა რეგისტრაცია. ერთსა და იმავე ძაღლებზე რამდენჯერმე აკეთებენ ფულს. უბრალოდ, საბუთებში ატარებენ, რომ მოხდა მარკირება, სინამდვილეში სამ ძაღლზე მეტს ვერ ნახავთ მთელ ქალაქში რომელსაც ბირკა უკეთია, ანუ ტყუილად წერენ საბუთებში და შემდეგ ხელახლა იგივე ძაღლებს ატარებენ თანხის მითვისების მიზნით.

– და ადგილობრივი თვითმმართველობა არ აკონტროლებს ამ თანხებს?

– მერია მხოლოდ დოკუმენტებს ამოწმებს და ფიზიკურად არ ხდება იმის გადამოწმება, მოხდა თუ არა რეალურად მომსახურება. თანხების მითვისების ნიშნები რომ არსებობს, ამის დასტურია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებაც. მეორე მხრივ, სახეზეა ცხოველების უფლებების უხეში დარღვევა, მათ შორის სადისტური მეთოდებით.

„პრაიმტაიმი“  შპს „იმერეთი ჯგუფის“ დირექტორს დავით ტოროტაძესაც დაუკავშირდა და ჰკითხა, დაკითხა თუ არა ის საგამოძიებო სამსახურმა. „ისეთი არაფერი არ ხდება“ – ტოროტაძე მხოლოდ ამ პასუხით შემოიფარგლა და სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები