“საია” კარვებით გზის გადაკეტვას უკანონოს უწოდებს – რატომ დუმს “საერთაშორისო გამჭვირვალობა”

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად, მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, შეუძლებელია.
შესაბამისი განმარტება სალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბარში გააკეთა.
კითხვაზე, სამართლებრივად რამდენად მართებული იყო, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას, ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა და ტერიტორიაზე კარვების გადატანა, “საიას” თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციას უნდა ემოქმედა კანონით დადგენილი წესით.
„კანონი განსაზღვრავს, თუ როდის შეიძლება გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. თუ ამ შეკრებაში, მანიფესტაციაში მონაწილეების რაოდენობა იქნება ისეთი, რომ შეუძლებელი გახდება სავალი ნაწილის გადაკეტვის გარეშე ამ ღონისძიების გამართვა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დასაშვებია გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, თუმცა, თუ მხედველობაში მივიღებთ აქციის მონაწილეთა რაოდენობას და ქუჩის გადაკეტვის ფაქტს, თუ აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იყო ისეთი, რომ ამას ობიექტურად გამოეწვია გზის გადაკეტვა ბუნებრივია, ამ შემთხვევაში პოლიციას უნდა ემოქმედა კანონით დადგენილი წესით.
ამასთან, მინდა დავამატო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებასაც თუ რამ გამოწვია ეს პროტესტი – ეს არის 6 თვის განმავლობაში მოლოდინი იმაზე, რომ ამ საქმეზე დადგებოდა ის განაჩენი, რის შემდეგაც ყველა შესაბამისი პირი იქნებოდა პასუხისგებაში მიცემული, შესაბამისად ეს არის პროტესტი, რომელიც გამოწვია ხელისუფლების გარკვეული ორგანოების, პროკურატურის მოქმედებამ – როდესაც პასუხისგებაში არ იქნენ მიცემული კონკრეტული პირები, რომლებიც უნდა მიცემულიყვნენ“, – განუცხადა „კვირას“ საიას თავმჯდომარემ.
„კვირამ“ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის კომენტარის მოპოვებაც სცადა, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ეკა გიგაურთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა.
„კვირამ“ ორგანიზაციის სხვა იურისტების შეფასების მოპოვებაც სცადა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციაში, სადაც არაერთი ადამიანი მუშაობს კომენტარის გაკეთებას ვერავინ შეძლებდა. ამის მიზეზად “საერთაშორისო გამჭვირვალობაში” მოუცლელობა დაასახელეს. ორგანიზაციის პრესცენტრში განმარტეს, რომ იურისტები პროცესებზე იმყოფებოდნენ და შესაბამისად, ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებდა კომენტარის გაკეთებას.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეთა სიმცირიდან გამომდინარე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, სამართალდამცველებმა კარვების საავტომობილო გზიდან გადატანისკენ მოუწოდეს, თუმცა, აქციის მონაწილეეები, რამდენიმე საათის განმავლობაში, მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ.
სამართალდამცველებმა დღეს დილით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე, რამდენიმე პირი, მათ შორის, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა დააკავეს.
პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესებს, სპეციალური განცხადებით, ცოტა ხნის წინ, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა. სახალხო დამცველი ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს, მაგრამ მისივე თქმით, ასევე, აუცილებელია, პროტესტის გამოხატვის ფორმა იყოს კანონიერი და მშვიდობიანი. როგორც ლომჯარია განმარტავს, სავალი ნაწილის გადაკეტვით დაზარალდება მხოლოდ ის მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება ამ ქუჩაზე და რომელიც მისი თქმით, ასევე სოლიდარულია ზაზას სარალიძის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმესაათიანი შეზღუდვის შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ აღდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები