პენსილვანიაში 11 წლის ბიჭმა გაჯეტის გამო მამა მოკლა

პენსილვანიის შტატში, საკუთარ სახლში მამის მკვლელობაში 11 წლის ბავშვს ადანაშაულებენ. სასიკვდილო შემთხვევიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ის სასამართლოში პირველად წარსდგა.

11 წლის კლეიტონ დიცს, ბრალი წაუყენეს მკვლელობაში, რომელიც 13 იანვარს მისი მამის, 42 წლის დუგლას დიცის ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლას უკავშირდება.

სროლა ბავშვის დაბადების დღეს მოხდა.

ოჯახის წევრებმა სასამართლო პროცესის შემდეგ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. თუმცა, ადვოკატმა დეივ უილსონმა განაცხადა, რომ ის საქმის არასრულწლოვანთა სასამართლოში გადაგზავნის მოთხოვნას გეგმავს.

გამომძიებლების ინფორმაციით, კლეიტონმა განაცხადა, რომ სახლში თავის Nintendo Switch-ს ეძებდა, რომელიც წინა დღეს წაართვეს. ამ დროს იპოვა იარაღის სეიფის გასაღებები, გახსნა სეიფი და რევოლვერი ამოიღო.

დაკითხვისას მან თქვა, რომ მას შემდეგ გაბრაზდა, რაც უთხრეს, დასაძინებლად წასულიყო. კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა სროლის შედეგებზე, უპასუხა, რომ ძალიან გაბრაზებული იყო და შედეგებზე არ უფიქრია.

გამოძიება და სასამართლო პროცესი გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები