წითელი ჯვარი ასლან ჯიოევის თბილისში გადმოყვანის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

ახალგორის ე.წ. გამგებლის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრის, ასლან ჯიოევის თბილისში გადმოყვანა წითელი ჯვრის ეგიდით მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმთაიმს“ წითელი ჯვრის კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, მაია ქარდავამ დაუდასტურა.
მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ჯიოევის ახლობლებმა თბილისში გადმოყვანის შესახებ თავად მიმართეს, რის შემდეგაც პაციენტი რეანომობილით ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
“წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს 2008 წლიდან აქვს ასეთი ჰუმანიტარული პროგრამა, რაც გულისხმობს ცხინვალში დარჩენილი მოსახლეობას, მათი სურვილისამებრ და ავადმყოფობის შემთხვევაში, მიეცეთ საშუალება იმკურნალონ თბილისის, ან გორის საავადმყოფოებში. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვართ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას მოგვმართავენ შესაბამისი წარმომადგენლები, როგორც ოსურ, ისე ქართულ მხარეს და ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ პაციენტის გადმოყვანის ორგანიზებას. ხშირ შემთხვევაში ეს არის გადაუდებელი შემთხვევები და მოითხოვს სპეციალიზებული ტრანსპორტით მის გადმოვყანას. რაც შეეხება მკურნალობასა და მხარეების თანხმობას, ეს ჩვენი პასუხისმგებლობის არეალში არ შედის. ამ შემთხვევის შესახებ მედიის საშუალებით შევიტყე, რა თქმა უნდა გადავამოწმე ეს ინფორმაცია. მოხდა ამ პიროვნების გადმოყვანა, რადგან გამოცხადდა სასწრაფო შემთხვევად, მას ჰქონდა სერიოზული დაზიანებები და გადაყვანილია ღუდუშაურის კლინიკაში. ჩემი ინფორმაციით დაშავებული მხოლოდ ერთი ადამიანია. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია. როდესაც პაციენტი გაივლის შესაბამის მკურნალობას, ის უკან კვლავ ჩვენი დახმარებით ბრუნდება”, განუცხადა “პრაიმტაიმს” მაია ქარდავამ.
ცნობისთვის: ინფორმაცია ავტოავარიის შედეგად დაშვებული ასლან ჯიოევის თბილისში გადმოყვანის შესახებ დღეს გავრცელდა. გავრცელებული ცნობით, ასლან ჯიოევი ახალგორის დე-ფაქტო გამგებლის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი და დე-ფაქტო მილიციის უფროსის, ალექსანდრე ჯიოევის ნათესავია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები