მთვარისა ნავერიანმა ნიკა გვარამიას პოლიციაში უჩივლა – „საჯაროდ მცემა, დედა მაგინა და ამას შევარჩენ?“

„არამზადა გვარამიამ საჯაროდ დედა მაგინა და მცემა“, – ამის შესახებ მთვარისა ნავერიანი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ დღევანდელ ნომერში აცხადებს.
31 მაისს, მთავარ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე, ნიკა გვარამიამ მოქალაქეს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდგომ ფიზიკური. ეს მოქალაქე მთვარისა ნავერიანია.
როგორც მთვარისა ნავერიანი გამოცემასთან აცხადებს, ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ, იგი ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში წავიდა და დაზიანებები დააფიქსირა.
მისი თქმით, მან სასამართლოს განაჩენის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით შეიტყო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახმარებით, მთავარ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე მივიდა.
ნავერიანი ამბობს, რომ მისი შვილიშვილებიც 51 -ე საჯარო სკოლაში სწავლობენ და მან, ზაზა სარალიძეს სოლოდარობა, მთავარი პროკურატურის შენობასთან გამართულ აქციაზე მისვლით გამოუცხადა.
„მკვლელები და მათი მშობლები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, ეს იყო ჩემი გულსთქმა, მაგრამ ღმერთო ჩემო, გვარამიას უბრალოდ არ მოეწონა, რომ სიმართლე ხმამაღლა ვუთხარი, რისი სუს-ის აგენტი მე ვარ, პროკურატურის წინ, რომ შევუერთდი აქციას და იქ ნაცები დავინახე, მაშინვე გულმა რეჩხი მიყო, ხალხში გიორგი ვაშაძეც დავინახე. ამ გიორგი ვაშაძემ თეატრალურად ხელები გაშალა და ტელეკამერების წინ თქვა – „პროკურატურას სისხლიანი ხელები აქვსო“ ვერ მოვითმინე და ხმამაღლა დავიძახე – „თქვენი სისხლიანი ხელებით ნუ დგახართ ზაზა სარალიძის გვერდით-მეთქი“, სწორედ ამ დროს, საიდანღაც გამოენთო სახეშეშლილი ნიკა გვარამია და უშვერი სიტყვებით დამიწყო ლანძღვა. ესეც არ იკმარა და პირდაპირ თავს დამესხა, ჩემდა მოულოდნელად გულმკერდის არეში ისე ძლიერად ჩამცხო, რომ სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა და სუნთქვა შემეკრა“, – აცხადებს მთვარისა ნავერიანი.
მისივე თქმით, ამის შემდეგ, მას ლურჯმაისურიანმა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
რის შემდეგაც, მთვარისა ნავერიანი იქვე ისნის რაიონში 5 დეკემბრის ქუჩაძე მდებარე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და საჩივარი დაწერა.
მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში იგი ცუდად გახდა, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
ნავერიანის ინფორმაციით, მეორე დღეს ექსპერტიზის ბიუროში წავიდა, სადაც დაჟეჯილობა და დაზიანებები დაფიქსირდა.
„შედგა ოქმი და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე“ – აცხადებს მთვარისა ნავერიანი, რომელიც ნიკა გვარამიას დასჯას ითხოვს.
„ნიკა გვარამიამ საჯაროდ დედა მაგინა და ამას შევარჩენ? რომ ჰკითხო, ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ გამოდის და სიტყვის თავისუფლებას იცავს“ – ამბობს მთვარისა ნავერიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები