ანზორ აბრალავა: ასადის რეჟიმს არც სცალია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, ეს რუსული გადაწყვეტილებაა

სირიის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას, პროფესორი ანზორ აბრალავა, რუსული ძალების კარნახით მიღებულ გადაწყვეტილებას უწოდებს.
როგორც აბრალავამ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ფაქტს სათანადო შეფასება უნდა მიეცეს.
„სირიის გადაწყვეტილების უკან რუსეთი დგას, ის მსოფლიო დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ მიდის და ქაოსს ქმნის. ასადის რეჟიმს არც სცალია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება-არაღიარების საკითხზე სამსჯელოდ. ეს იყო რუსული ძალების კარნახით მიღებული გადაწყვეტილება. რუსეთი იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსაგან. ამ ქვეყნის წინააღმდეგ არაერთი სანქციაა დაწესებული და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც გაცილებით ეფექტიანი ზომები იქნება მიღებული. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ კონკრეტულ ფაქტსაც სათანადო შეფასება უნდა მიეცეს. რუსეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯები მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის, იმიტომ, რომ აქამდეც არაერთი მსგავსი პროვოკაციული ქმედება ჩაუდენია კრემლს. რაც შეეხება ასადს, ვთვლი, რომ მისი სირიის ხელისუფლებაში ყოფნა, დიდხანს აღარ გასტანს. მის ხელისუფლებას ხომ, კაცობრიობის წინაშე, დანაშაულებების ჩადენაში ედება ბრალი“, – განუცხადა „კვირას“ აბრალავამ.
შეგახსენებთ, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა აღიარა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები