ნინო გოგუაძე: სირიის გადაწყვეტილებას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება საერთაშორისო დონეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე, სირიის მხრიდან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, სირიისგან განსხვავებით, საქართველოს მოკავშირე მთელი საერთაშორისო ცივილური საზოგადოებაა.
„ეს არის რეჟიმის მიერ რეჟიმის მხარდაჭერა და ამას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება საერთაშორისო დონეზე. რუსეთის მოკავშირე არის სირიის ამჟამინდელი, საკუთარი ხალხის განადგურებისთვის მომართული რეჟიმი და საქართველოს მოკავშირე არის მთელი საერთაშორისო ცივილური საზოგადოება და ნიშანდობლივია, რომ როდესაც რუსეთის და სირიის აგრესორი რეჟიმები ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებენ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობენ.
​რეზოლუციით, რომელიც დამოუკიდებლობის 100 წლისთავისთვის მომზადდა, ჩვენი პარტნიორები გმობენ რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებენ. სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი აგრესიას და ხალხის ერთმანეთისგან გათიშვას უპირისპირებს და გამოხატავენ მზადყოფნას ამერიკასა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მეტი თანამშრომლობისთვის”,-განაცხადა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიამ ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რაც მოგვიანებით, სირიულმა მხარემაც დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები