იანოშ ჰერმანი: სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი დიდი ხანია მტკიცედ ატარებს

„სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი უკვე დიდი ხანია მტკიცედ ატარებს“, – ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი იანოშ ჰერმანი სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს.
იანოშ ჰერმანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ საქართველოს პოზიცია გაგვაცნო. ბრიუსელში ამ გადაწყვეტილებამ დიდი ყურადღება მიიპყრო. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
აქედან გამომდინარე, სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი უკვე დიდი ხანია მტკიცედ ატარებს. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში არსებული ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებას“, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები