საქართველომ სირიის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით პროცედურები დაიწყო

„საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით პროცედურები დაიწყო“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ, საგარეო უწყებაში სპეციალურად დანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა.
დავით დონდუამ სირიის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევად შეაფასა.
„მიმდინარე წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.
ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით“,- განაცხადა დავით დონდუამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას მტკიცედ უჭერს მხარს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ“,- აღნიშნა დავით დონდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები