ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, 28 მაისს მიღებულ დეკლარაციაში, საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ გამოხატავს

პოლონეთის დედაქალაქში გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დეკლარაციის მიღებით დასრულდა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში საქართველოს პარლამენტიდან მონაწილეობა ირაკლი ბერაიამ, სერგი კაპანაძემ, გიორგი კანდელაკმა და ცოტნე ზურაბიანმა მიიღეს.
დეკლარაცია სახელწოდებით „ბრიუსელის სამიტზე ნატოს ერთიანობისა და სანდოობის დადასტურება” მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: შეკავება და თავდაცვა, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ტერორიზმთან ბრძოლა, ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობა, ალიანსის მოდერნიზება და სხვა.
დეკლარაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ღია კარის პოლიტიკას. საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს, 2018 წლის 11-12 ივლისს, ბრუსელის სამიტზე, კიდევ ერთხელ დაადასტურონ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა, ასპირანტი ქვეყნებისთვის განსაზღვრონ გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა, გააგრძელონ საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის პროცესში და მიაღწიონ წინსვლას გაწევრიანების პროცესის პოლიტიკურ განზომილებაში. დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია მოწოდება ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიმართ, კიდევ ერთხელ დაგმონ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და გამოხატონ მტკიცე მხარდაჭერა მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები