გია ვოლსკი: პრემიერის ნათქვამში არსებობს რეალური შინაარსი, რასაც ნატო-ს შემადგენლობა გაითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, შექმნილი ვითარება ყველა საფუძველს ქმნის, რათა საქართველოს ნატო-ს ალიანსთან თანამშრომლობა უმაღლეს დონეზე შეფასდეს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც მან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გააკეთა, რეალური შინაარსის მატარებელია.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამ განცხადებას ნატო-ს შემადგენლობა გაითვალისწინებს. „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაში იყო შეხვედრები. საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოვიდა და ბევრი პარამეტრია შეფასებული. ვფიქრობ, ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადის დასახელება არასწორია, მაგრამ მუშაობა და შექმნილი ვითარება ყველა საფუძველს ქმნის. პრემიერის ნათქვამში არსებობს ის რეალური შინაარსი, რასაც გაითვალისწინებს ნატო-ს შემადგენლობა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ში საქართველოს წევრობის შესახებ მოსაზრება 26 მაისს გამოთქვა:
„იმედი გვაქვს, 2021 წელს, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის დღიდან 100 წელი შესრულდება, საქართველო ამ თარიღს ნატო-ს ნამდვილი წევრის სტატუსით შეხვდება“.