სტოლტენბერგი: იდეა, რომ ჩვენ არ უნდა ვუჭერდეთ მხარს ალიანსის გაფართოებას, რადგან რუსეთს ეს არ სურს, სახიფათოა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს გაფართოების საკითხზე ვეტოს უფლება არცერთ ქვეყანას არასდროს ექნება. ამის შესახებ განცხადება სტოლტენბერგმა ვარშავაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას გააკეთა.
მისივე თქმით, რუსეთის მეზობლებს აქვთ სრული უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. სტოლტენბერგმა ეს განცხადება ნიდერლანდების დელეგაციის წევრის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.
ჰოლანდიელმა დეპუტატმა სტოლტენბერგს ნატო-ს ყოფილი მეთაურის, იაპ დე ჰოპ სხეფერის მიერ, მედიასთან გაკეთებულ განცხადებებეთან დაკავშირებით დაუსვა. სხეფერმა განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველოსთვის და უკრაინისთვის ალიანსის წევრობის დაპირება შეცდომა იყო. ჰოლანდიელი დეპუტატი დაინტერესდა, რას ფიქრობს ამ საკითხზე იენს სტოლტენბერგი.
„იდეა, რომ ჩვენ არ უნდა ვუჭერდეთ მხარს ალიანსის გაფართოებას, რადგან რუსეთს ეს არ სურს, ძალიან სახიფათოა. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები გაფართოების პროცესზე. შეგვიძლია ვიდავოთ იმაზე, მიაღწია თუ არა კონკრეტულმა ქვეყანამ პროგრესს, აკმაყოფილებს თუ არა ის სტანდარტებს, მოახდინა თუ არა მან შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია, ან დაძლია თუ არა კორუფცია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის გამო ქვეყანა ალიანსის წევრობას არ იმსახურებს. ეს სამართლიანია, მაგრამ იმის თქმა, რომ ქვეყანა, რომელიც ალიანსის წევრობის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, ვერ გახდება ნატო-ს წევრი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რუსეთს არ მოსწონს დაუშვებელია. მე ვარ პატარა ქვეყნიდან, რომელიც რუსეთის მეზობელია და მათ არ მოსწონდათ, როდესაც ჩვენ ნატო-ს შევუერთდით. ანუ ამ დროს ვაშინგტონს. ლონდონს ან პარიზს მოსკოვისთვის რომ ეკითხათ, მოგწონს თუ არა, რომ ნორვეგია გვიერთდება, მათი პასუხი იქნებოდა – არა. ამიტომ ნორვეგია ალიანსში არ უნდა შესულიყო? ეს საკითხი ყველა ერის ფუნდამენტურ უფლებებს ეხება. ყველა ერს აქვს სუვერენული უფლება გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. მთელი ეს იდეა, რომ დიდ ქვეყნებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ რა უნდა გააკეთონ მათმა მეზობლებმა, დაგვაბრუნებს წარსულში. ეს იქნება დაბრუნება ზეგავლენის სფეროების პოლიტიკასთან. ეს არის ის სამყარო, რომელიც ჩვენ არ გვსურს. რუსეთის მეზობლებს აქვთ უფლება გააკეთონ ის რაც სურთ, მიუხედავად იმისა, რა აზრისაა ამაზე მოსკოვი. მთავარი არის რომ ნატო-ს გაფართოება არის წევრობის მსურველი ქვეყნის და 29 მოკავშირის გადასაწყვეტი და არც ერთ ქვეყანას ამ პროცესში ვეტოს უფლება არასდროს ექნება”, – განაცხადა იანს სტოლტენბერგმა.