მიხეილ ჯანელიძე დიასპორას: ჩვენი სახელმწიფოსთვის თითოეული თქვენი წარმატებული ნაბიჯი ძალიან დიდი ღირებულების მატარებელია

27-28 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ქართული დიასპორის ფორუმი იმართება, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად, ეფექტური გზების ძიებას.
“მოხარული ვარ რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მეორედ ატარებს დიასპორის ფორუმს, რომლიც კარგი შედეგების მომტანია. გასულ წელს, გვქონდა ყველა საკითხის ძალიან აქტიური განხილვა და მოვახერხეთ აგვესახა იგი სტრატეგიაში, რომელიც თქვენთან ერთად შემუშავდა. პირველად შეიქმნა ჩარჩო დოკუმენტი დიასპორასა და სახელმწიფოს ურთიერთობების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ძალიან ბევრ მიმართულებას, რომელსაც აქტიურად ვავითარებთ”, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში საკონსტიტუციო ფორმით დიასპორასთან ურთიერთობების დარეგულირების კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, აღნიშნა, რომ განისაზღვრა დიასპორასთან ურთიერთობის სტატუსი, რომელიც პირველად აისახა კონსტიტუციაში. მინისტრის თქმით, აღნიშნული ხაზს უსვამს ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესს, რომ გაძლიერდეს ურთიერთობები ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან.
მიხეილ ჯანელიძემ ასევე, ისაუბრა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ქონის აუცილებლობაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელთან ერთადაც შემუშავდა ერთი ფანჯრის პრინციპზე შექმნილი, ურთიერთსარგებლიანობაზე დაფუძნებული, მომხმარებელზე ორიენტირებული ინფორმაციისა და სერვისების მიმწოდებელი დიასპორული ვებპორტალის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც შექმნილია ვებგვერდი. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აღნიშნული პლატფორმა შექმნის ახალი კომუნიკაციის შესაძლებლობას.
მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მხრიდან, დიასპორის წარმომადგენლების მიერ სამშობლოს განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასების მიზნით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.
“მნიშვნელოვანია, დიდი ყურადღება დავუთმოთ იმ ადამიანებს, ვისაც დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს სახელის გაძლიერებაში. თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი როლი აქვს იმაში, რომ საქართველომ მსოფლიოს ასპარეზზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ღირსეულმა ქვეყანამ. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული დიასპორელი. ჩვენი ახალი სახელმწიფოსთვის თითოეული თქვენი წარმატებული ნაბიჯი არის ძალიან დიდი ღირებულების მატარებელი. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი თქვენს წარმატებას, თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მსოფლიო მაშტაბით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი”, – განაცხადა მინისტრმა.
საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ასევე, ისაუბრა დიასპორის წარმომადგენლისთვის სერვისებზე წვდომის გასააქტიურებლად დაწყებული სამუშაოების შესახებ, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს. მინისტრმა ასევე, ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და დიასპორის წევრების შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება საზღვარგარეთ ქართული ენის ცოდნის გასაძლიერებლად.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ახალ ინიციატივას, რომლითაც საზღვარგარეთ ქართველ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, საქართველოს საჯარო სამსახურში კონკურსში ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიიღონ მონაწილეობა.
ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ასევე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ნოე ჟორდანიას შვილი – რეჯებ ჟორდანია.
გახსნის ცერემონიის დასრულებისას, ფორუმის მონაწილეებმა მუშაობა განაგრძეს ოთხ თემატურ ჯგუფში: განათლება, კულტურა, მედია და სახალხო დიპლომატია, ბიზნესი და ეკონომიკა. თითოეულ თემატურ ჯგუფში იმსჯელებენ კონკრეტულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე და ეფექტური თანამშრომლობის გზებზე.
დიასპორის ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა პროფესიულ სფეროში მოღვაწე თანამემამულეები და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები.
ღონისძიებაში მონაწილეობს 400 მდე სტუმარი 22 ქვეყნიდან. ღონისძიების მონაწილეები შეხვედრას გამართავენ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან, ეწვევიან საქართველოს საოკუპაციო ხაზს, ასევე, გვირგვინით შეამკობენ კოჯორში იუნკერთა მემორიალს. გაიმართება ოფიციალური მიღება საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით. ფორუმის მონაწილეები ეთნოგრაფიული კულინარიის ფესტივალსა და კონცერტსაც დაესწრებიან.
დიასპორის ფორუმი სასტუმრო „ბილტმორში“ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები