ჟან-ივ ლე დრიანი გიორგი კვირიკაშვილს- საფრანგეთი იდგა საქართველოს გვერდით ყველა მნიშვნელოვან და ისტორიულ მომენტში

0

საფრანგეთი იდგა საქართველოს გვერდით ყველა მნიშვნელოვან და ისტორიულ მომენტში, რაც მომავალშიც გაგრძელდება,- ამ სიტყვებით მიმართა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ჟან-ივ ლე დრიანმა მთავრობის მეთაურს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე მიულოცა. საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრი მთელი დღის განმავლობაში ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებს.

მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებზე.

აგრეთვე, შეხვედრისას გადაწყდა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ახალი, მაღალი დონის დიმიტრი ამილახვარის სახელობის დიალოგის ფორმატი შეიქმნება.

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითებში თანამშრომლობისთვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს მხრიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, საფრანგეთის მხრიდან კი ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოეწერეს მთავრობათშორის შეთანხმებას – „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის” პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი