პრემიერი: საქართველო ხშირად მოიხსენიება, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის

“საქართველო ხშირად მოიხსენიება, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის და იმედი გვაქვს, ამ საპასუხისმგებლო ნიშას მუდმივად შევინარჩუნებთ და უფრო მეტი წარმატებით განვავითარებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში გატარებულმა მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ხელი შეუწყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას.
“სულ რამდენიმე დღის წინ, მქონდა პატივი, თბილისში მემასპინძლა მსოფლიო ბანკის 10 აღმასრულებელი დირექტორისთვის, რომლებმაც სრული მხარდაჭერა გამოხატეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების მიმართ. ასევე, დადებითად აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. მისიის წევრები მკაფიოდ აფიქსირებენ, რომ რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება, ძალიან პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზე და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს მნიშვნელოვნად განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
2017 წელი საქართველომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელი ასევე ძალიან პოზიტიურად დაიწყო. მარტში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.6%-ით განისაზღვრა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, არსებული ვითარების გათვალისწინებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უკავია. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონების, ვაჭრობის სექტორებში და რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის მთავარი ლოკომოტივი გახლავთ ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ინვესტორების საყურადღებოდ, განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ გატარებულმა მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც შარშან, 2017 წელს დავიწყეთ, ხელი შეუწყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას. 2017 წელს ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა და პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა თითქმის მილიარდ 900 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, 2017 წლის რეინვესტირების შთამბეჭდავი – თითქმის 130 %-ით განისაზღვრა, რაც პირდაპირი მინიშნებაა ინვესტორთა მხრიდან ნდობის ზრდასა და ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ პოზიტიურ მოლოდინებზე“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა შეკრებილებს ექსპორტის მაჩვენებლები და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებში საქართველოს მიღწევები გააცნო.
“პოზიტიური მაჩვენებლები მტკიცე საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ შესრულდეს ხელისუფლების მიერ აღებული ყველა ვალდებულება და შენარჩუნდეს წარმატებული პროგრესი რეფორმების განხორციელების პროცესში. საქართველო ხშირად მოიხსენიება, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის და დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, საინვესტიციო მიმზიდველობით, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი თანადგომით, ჩვენ შევძლებთ, ეს მაღალი და საპასუხისმგებლო ნიშა მუდმივად შევინარჩუნოთ და უფრო მეტი წარმატებით განვავითაროთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ კრინიცას ფორუმი საქართველოში იქნება შესანიშნავი ახალი პლატფორმა ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები