ირაკლი ზარქუამ კომპანია „ას ჯორჯიასთან“ დადებული ხელშეკრულების დეტალები განმარტა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ სამშენებლო კომპანია „ას ჯორჯიასთან“ 2011-2012 წლებში დადებული ხელშეკრულების დეტალები განმარტა, რომელიც 15 ჰექტარზე დენდროლოგიური პარკის გაშენებას ითვალისწინებდა. მისი განცხადებით, აღნიშნული  ხელშეკრულებით ინვესტორს დენდროლოგიური პარკი 3 მილიონ დოლარად უნდა გაეშენებინა, რაც ირაკლი ზარქუას განცხადებით, შეუძლებელია. მან ოპოზიციას მოუწოდა, მოიყვანონ ერთი ექსპერტი მაინც, ვინც დაადასტურებს, რომ ამ თანხით შესაძლებელია დენდროლოგიური პარკის გაშენება.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნულ  ტერიტორიაზე არანაირი კომუნიკაცია და ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ჯერ ეს სამუშაოებია ჩასატარებელი და ამის შემდეგ უნდა გაშენდეს პარკი. ირაკლი ზარქუამ „მზიურის“ პარკის მაგალითი მოიყვანა, სადაც 12 ჰექტარ მიწაზე დენდროლოგიური პარკის მოწყობისთვის სახელმწიფო და მუნიციპალური განვითარების ფონდი 9 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავენ, მიუხედავად იმისა, რომ „მზიურის“ ტერიტორიაზე გარკვეული ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს.

როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, ინვესტორი მზად იყო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის საბანკო გარანტიის გათვალისწინებული 300 ათასი ლარი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადაეხადა, რაც ჯამში  4 მილიონი ლარი იქნებოდა.

„ამის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტმა ინვესტორს შესთავაზა 15 ჰექტარიდან  7,5 ჰექტარზე გაეშენებინა ჩვეულებრივი პარკი, რისთვისაც 3 მილიონ დოლარს დახარჯავდა, ხოლო დარჩენილ ტერიტორიაზე გააშენებდა საცხოვრებელ ფართს, საიდანაც მუნიციპალიტეტს გადასცემდა 5+1,5%-ს,“- განაცხადა საკრებულოს წევრმა. მან დეტალურად დათვალა ის თანხები, რომლებიც  კომპანიის მიერ აღნიშნული  პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯება, რაც ჯამში 16 მილიონი ლარი გამოვიდა.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, 2011-2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, ეს ტერიტორია სახელმწიფოს  კომპანია „დირსისთვის“ საკუთრებაში უნდა გადაეცა, ახლა კი მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი ზონის მშენებლობის შედეგად „დირსისგან“ დაახლოებით 9 მილიონი ლარის ფართს მიიღებს, ასევე 7,5 ჰექტარზე გაშენებული პარკი 3 წელიწადში მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები