“ვარდების მოედანს” “პირველი რესპუბლიკის მოედანი” დაერქმევა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია, “ვარდების მოედნის” ახალ სახელზე შეჯერდა. კომისიის გადაწყვეტილებით, მოედანს “პირველი რესპუბლიკის” სახელი ეწოდება. საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.

კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა კიდევ ერთხელ ახსნა კონკრეტულად ამ სახელის არჩევის მიზეზი. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან, კომისიის წევრთა უმრავლესობა ამ სახელზე შეჯერდა.

„რატომ “პირველი რესპუბლიკის მოედანი”? გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წელი სრულდება და ამ თარიღთან დაკავშირებით ვახორციელებთ ჩვენს სახელდებას. დღეს კომისიამ და გუშინ საჯარო განხილვისას ისტორიკოსების უმრავლესობამ, მხარი დაუჭირა პირველი რესპუბლიკის მოედნის სახელის მინიჭების ვერსიას“, – განაცხადა ნიბლოშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას, პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები. მათი თქმით, საკრებულოს უმრავლესობა ვარდების რევოლუციის მომენტს ებრძვის საქართველოს ისტორიაში.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ისინი ამ „ცირკში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები