დავით ბაქრაძე: პრემიერის ვიზიტის ფარგლებში განიხილება ის საკითხები, რომელიც საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ ხასიათს განაპირობებს

“პრემიერის ვიზიტის ფარგლებში განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ხასიათს განაპირობებს”,- ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, აშშ-ში დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და აშშ-ს მხარდაჭერაზე დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკაში.

„მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებით. სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დამტკიცებიდან რამდენიმე კვირაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უხელმძღვანელებს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრას, რომელსაც საქართველოს მხრიდან წარუძღვება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ჩვენ განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულებას. იგეგმება შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენ აღვნიშნავთ საქართვლოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს, რომლის ფარგლებშიც უკვე მეორედ გაიმართება სტრატეგიული თანამშრომლობის კონფერენცია, რომელსაც ასევე გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ვიზიტის ფარგლებში განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ხასიათს განაპირობებს, ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და აშშ-ს მხარდაჭერას დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკაში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

როგორც საქართველოს მთავრობაში აცხადებენ,  მთავრობის მეთაური, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები