“კურიერი” სკანდალურ კადრებს ასაჯაროებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ “რუსთავი 2” სკანდალურ ვიდეომასალას აქვეყნებს. “კურიერის” მიერ მოპოვებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ადასტურებს, რომ დანაშაულის დაფარვაში ყოფილმა სამართალდამცველმა, მირზა სუბელიანმაც მიიღო მონაწილეობა, იმ დროს, როცა ის ჯერ კიდევ მოქმედი პროკურორი იყო.
“კურიერის” მიერ მოპოვებული სასამართლო დაკითხვისა და კაზინო “აჭარის” ვიდეოთვალის ჩანაწერები ორი მოზარდის მკვლელობის შემდეგ კალანდიების სახლთან განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ვიდეომასალაში ჩანს რამდენიმე ავტომობილი, რომელიც კალანდიების ეზოს მიმართულებით მოძრაობს. პირველი ავტომობილი, რომელიც 14:50 საათზე (მომხდარიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ) ეზოში შედის, არის თენგიზ კალანდიას მეგობრის, გიორგი თურქიას შავი BMW. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თურქიამ თენგიზ კალანდიას მისი შვილი და ერთ-ერთ ბრალდებული პეტრიაშვილის ქუჩის სამალავიდან სახლში მიაყვანინა. შავი BMW ეზოში მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე შედის და გამოდის. ანუ გიორგი თურქია კალანდიებთან განვითარებული მოვლენების უშუალო მონაწილეა, თუმცა დანაშაულის დაფარვაზე მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. “კურიერის” ინფორმაციით, ის ყოფილი პოლიციელია.
დაახლოებით დღის სამი საათისთვის, ეზოში წითელი ფერის Toyota Prius შედის, რომლის მფლობელიც მირზა სუბელიანის მეუღლე, თეა კაკუბავაა. თეა კაკუბავა კალანდიების სახლში შვილთან, ა.ს.– სთან ერთად მიდის. სწორედ მისი დაჩაგვრის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მოზარდები სასიკვდილოდ.
15 საათსა და 35 წუთზე (მომხდარიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ) კალანდიების საცხოვრებელი სახლის ეზოში ფეხით შედის იმჟამად მოქმედი პროკურორი – მირზა სუბელიანი, რომელიც თეა კაკუბავას მეუღლე და თენგიზ კალანდიას ქვისლია. თენგიზ კალანდია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომ მირზა სუბელიანს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც იმ დროისთვის მისთვის იყო ცნობილი.
მირზა სუბელიანის მისვლიდან რამდენიმე წუთში, ეზოში ვერცხლისფერი Toyota Vitz შედის. ავტომობილის მფლობელი კალანდიების მეზობლის, შაკო წინწკალაძის მეგობარია. სწორედ ამ ავტომობილით მოხდა მიხეილ კალანდიასა და ერთ-ერთი ბრალდებულის ქალაქიდან გაყვანა. ვიდეომასალაში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც Toyota Vitz კალანდიების ეზოს ტოვებს, ეზოდან გადმოდიან მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდიაც, თუმცა დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი მხოლოდ კალანდიებს წაუყენეს. მირზა სუბელიანით გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა.
“კურიერის” მიერ მოპოვებულ ვიდეომასალაში რამდენჯერმე ჩანს ლუკა კალანდია. მას ეზოდან გადმოაქვს ჩხუბის მონაწილე მოზარდების ტანსაცმელი, რომელიც, მისივე თქმით, საკანალიზაციო ჭაში ჩაყარა. მოგვიანებით, ეზოდან ერთ-ერთი გასვლისას, როგორც თავად სასამართლოზე განაცხადა, მისი ძმის და მეგობრის ტელეფონები მოიშორა თავიდან.
სასამართლო დაკითხვის ჩანაწერში ლუკა კალანდია ყვება, რომ მისი ძმის მეგობარი, ამჟამად ბრალდებული გ.ჯ. შეშინებული და დაბნეული იყო. ამ მდგომარეობაში წაიყვანეს კალანდიებმა გ.ჯ. შემთხვევის ადგილიდან, მოგვიანებით კი ქალაქიდან გაიყვანეს, მაშინ, როცა არასრულწლოვანი გ.ჯ.– ს ოჯახმა მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები