“საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს”

“მე ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ 2023 წელს საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს, თავისუფალი სტილით სრიალში, თხილამურსა და სნოუბორდზე”, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მთელი ქვეყნისთვის.
„გუშინ, საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ და საქართველოსთვის გამოცხადებულმა ნდობამ დაადასტურა, რომ ჩვენ საერთაშორისო რანგის მთის კურორტები გვაქვს და რაც მთავარია, მათი განვითარების კუთხით აბსოლუტურად სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც მოგეხსენებათ, ამ საკითხზე მუშაობა გასულ წელს დავიწყეთ. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების თაობაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს გააცნო. მოხარული ვარ, რომ ამ თემაზე ერთწლიანი ინტენსიური კომუნიკაციისა და მუშაობის შედეგად გამარჯვებას მივაღწიეთ. ამ პერიოდში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგაცია საქართველოში ადგილზე გაეცნო ჩვენი ქვეყნის სამთო პოტენციალს და შესაძლებლობებს. ასევე მთის კურორტების განვითარების მიმართულებით ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს. ფედერაციის მიერ რამდენჯერმე ჩატარდა ტექნიკური ინსპექცია და დღეს უკვე ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საქართველო საერთაშორისო მასშტაბის და რანგის ზამთრის კურორტებისა და სპორტის სახეობების ქვეყნად აღიარა და დიდი ნდობა გამოგვიცხადა. მთის კურორტების განვითარება ჩვენ თავიდანვე ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ და ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ. როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე მათი პოპულარიზაციის მიმართულებით. შედეგიც სახეზეა. ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011-2012 წლებთან შედარებით, 2017-2018 წლებში 4-ვე სამთო სათხილამურო კურორტზე ტურისტების რიცხვი გაიზარდა 491%-ით. დიდი პროგრესით გამოირჩევა ბოლო სეზონი. 2016-17 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება კონკრეტულად ბაკურიანს, სადაც უნდა ჩაატარეს აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატი, შარშან 25%-ით გაიზარდა და საბოლოო ჯამში 132 000 ვიზიტორს მივაღწიეთ, მაგრამ ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის. ზამთრის კურორტებისა და სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით მომავალშიც აქტიურად ვაპირებთ მუშაობას. მითუმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანას ამის უდიდესი პოტენციალი გააჩნია“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თმით, საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს.
“დარწმუნებულ ვარ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დიდი სტიმული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და არამარტო ინფრასტრუქტურის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სპორტსმენები ძალიან სერიოზულად მოემზადებიან ამ მიმართულებით. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის განვითარებას. ასევე, მეტი ინვესტიციის მოზიდვას. მინდა ახლავე დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები