ნინო ჯავახაძე: აქცია ჩატარდება, როგორც ამ ადამიანებს სურთ და შემდეგ მშვიდობიანად მოხდება მათი გაყვანა

0

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე მოვლენებს პირადად გაეცნო. როგორც მან განაცხადა, სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს, რათა იქ მყოფმა საზოგადოებამ მშვიდობიან გარემოში შეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა. მისივე თქმით, აქციის შემდეგ, მონაწილეებს მშვიდ ვითარებაში შეეძლებათ ტერიტორიის დატოვება.

„მთელი დღის  განმავლობაში შსს და პოლიცია ყველაფერს აკეთებს,  რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება ქალაქში, უზრუნველყოფილი იყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. მათ შორის, ამას ადასტურებს აქ შეკრებილი ხალხიც, არამარტო აქტივისტები, მოქალაქეებიც, რომელებიც მხარს უჭერენ აქციას.

სიტუაციას აკონტროლებს პოლიცია და ვინც კანონს არღვევს, ასეთი პირები არიან დაკავებული და გადაყვანილი პოლიციის განყოფილებაში, დაახლოებით 30 პირი. ყველა დანარჩენს, ვინც მშვიდობიანად ცდილობს აზრის გამოხატვას, ამის შესაძლებლობა ეძლევათ.

აბსოლუტურად აკონტროლებს პოლიცია სიტუაციას, ამიტომაც არის ამდენი სამართალდამცველი მობილიზებული, რომ საშუალება მიეცეს აქ შეკრებილ ხალხს მშვიდობიან გარემოში, პოლიციასთან ბალანსის დაცვით უზრუნველყონ საკუთარი აზრის გამოხატვა. შესაბამისად აქცია ჩატარდება, როგორც ამ ადამიანებს სურთ და შემდეგ მშვიდობიანად მოხდება მათი გაყვანა“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

კომენტარები

კომენტარი