ბრუსელის მოლენბეკის კომუნა Fox News-ის ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლებს

ბრუსელის მოლენბეკის კომუნა Fox News-ის რეპორტიორის, კეტი ჰოპკინსის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელს შეიტანს, ცილისმწამებლური გამონათქვამების გამო.

ცნობილია, რომ 2 დღის წინ, კეტი ჰოპკინსმა, რომელიც მუსულმანების მიმართ მძაფრი გამონათქვამებით გამოირჩევა, საკუთარი ტვიტერის გვერდზე მოლენბეკში მდებარე სასაწყობე შენობის აფეთქებისა და ხანძრის შესახებ შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა -„ვის შეეძლო ასეთი აფეთქების მოწყობა რამადანის დღეს ჯიჰადის ევროპულ დედაქალაქში?“.

მოლენბეკის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის განცხადებით, მოლენბეკის კომუნა ცილისწამების გამო, სასამართლოში კეტი ჰოპკინსის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. „ამ უკიდურესად საშიში გამონათქვამების გამო, კომუნა ცილისწამებისთვის სარჩელს შეიტანს სასამართლოში. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვაცნობეთ Fox News-ს. სასამართლოში საჩივრის შეტანამდე, სარჩელის საკითხი კომუნის ადმინისტრაციამ პარასკევს უნდა განიხილოს, თუმცა მე ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ერთ აზრზე ვდგავართ ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე“-აღნიშნა მოლენბეკის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა. მისივე აზრით, ჰოპკინსის გამონათქვამები ყოვლად მიუღებელია და მოლენბეკის კომუნის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

მოლენბეკის კომუნის ადმინისტრაციული მმარველობის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს კომუნაში 76 რადიკალი ისლამისტი იყო რეგისტირებული. ცნობილია, რომ სწორედ მოლენბეკოს მაცხოვრებელი იყო პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილე, სალაჰ აბდესლამი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები