„ინფორმაცია, თითქოს ივანიშვილზე საფრანგეთში ძებნაა გამოცხადებული, ნონსენსია“ – საფრანგეთის ელჩი სააკაშვილის ბრალდებებით შოკირებულია

საფრანგეთის ელჩი საქართველოში სააკაშვილის ბრალდებების გამო შოკირებულია. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებზე პასკალ მენიე „პოსტვ“-ის ექსკლუზიურად ესაუბრა. ელჩი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილზე ძებნაა გამოცხადებული. პასკალ მენიე სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ნონსესს უწოდებს.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან უსამართლობაა საქართველოში საფრანგეთის ყოფილი ელჩის ერიკ ფურნიეს მისამართით გაჟღერებული ბრალდებებიც.

„ოფიციალური საფრანგეთი ბატონი სააკაშვილის ბრალდებებს ვერ დაადასტურებს. რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, მე შოკირებული ვარ.  მიხეილ სააკაშვილი იცნობდა ჩემს წინამორბედს,  ერიკ ფურნიე 2008 წლის ომის დროს იკავებდა ამ პოსტს. ის ძალიან მამაცი იყო. სამხედრო ბაზებზე საფრანგეთის დროშები პირადად აღმართა.  მას არა მარტო გაერო, არამედ ყველა მხარე სცემდა პატივს. ასე რომ, ჩემთვის ეს ბრალდებები უბრალოდ გაუგებარია. ამასთან, არ მინდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პოლემიკაში გავერიო.  გასაგებია, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ბრძოლაში ასეთი ცრუ ბრალდებების გამოყენება, განსაკუთრებით საფრანგეთის ელჩის მიმართ  უბრალოდ უსამართლობაა.

რაც შეეხება საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ  დაწყებულ გამოძიებას ეს ნონსენსია. ჩვენი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში. საფრანგეთში არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა „პოსტვ“-ისთან საუბრისას.

შეგახსენებთ, 1 მაისს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“  განაცხადა, რომ საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილზე ძებნა აქვს გამოცხადებული, რათა “პასუხი აგებინოს საფრანგეთში კორუფციისა და განხორციელებული მაქინაციებისთვის”. მისივე თქმით, ივანიშვილის ერთ-ერთი მაქინაცია სწორედ საფრანგეთის ყოფილი ელჩის, ერიკ ფურნიეს მოსყიდვაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები