პრემიერი: გადაწყვეტილებები, რომლებიც შს მინისტრმა მიიღო, ოპტიმალური იყო იმ ვითარებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისში გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო, ოპტიმალური იყო იმ ვითარებაში.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა მაქსიმალური კოორდინაციით იმუშავა.
„მმართველმა გუნდმა იმუშავა მაქსიმალური კოორდინაციით, ჩართულობა იყო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის, აბსოლუტურად ყველა იყო ჩართული. გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნა მიღებული გუშინ კონკრეტულად მინისტრ გახარიას მხრიდან, ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება, იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით.
ძალიან აქტიურად იყო ჩართული კახა კალაძე, მთელი ამ ორი დღის განმავლობაში, პარლამენტის თავმჯდომარე, მეც, პრაქტიკულად ორი დღე-ღამე გავათენეთ ჩვენ ყველამ ერთად. შედეგად მივიღეთ, რომ ავიცილეთ თავიდან დაპირისპირება და სწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, დანარჩენი მომავალ დღეებში გამოჩნდება“, –  განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები