ირაკლი შიხიაშვილი: აქციის კვალს „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „გირჩისაკენ“ მივყავართ

“ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოს წარმომადგენელობის დირექტორმა საქართველოში, ირაკლი შიხიაშვილმა „კვირას” პრესკლუბში ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
“ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, წინასწარ დაგეგმილ სცენარს ჰგავდა, რომელიც ვინ განახორციელა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გაკეთებული განცხადებებით ცხადი გახდა. ამ პროცესს ანტისახელმწიფოებრივი ძალები მართავენ, რომელთა მიზანია ჩამოიშალოს ქართული სახელმწიფოებრიობა. სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ძალიან მოუმზადებელი ხვდება ამ გამოწვევებს და ნებისმიერი მისი ჩატარებული აქციის შედეგად ძალიან ბევრი კითხვა უჩნდება საზოგადოებას. გუშინდელ აქციაზე შსს-ს მინისტრის გამოსვლამ დაადასტურა, რომ ხელისუფლება არ იყო მზად იმ ღონისძიებისათვის, რომელიც ჩაატარა. აღნიშნული სპეცოპერაცია ან არ უნდა ჩაეტარებინათ ასეთი ფორმით, ან საზოგაოდებისათვის კარგად უნდა აეხსნათ სპეცოპერაციის აუცილებლობა. არამართებულად მიმაჩნია გაჟღერებული აზრი, რომ იმ პოლიციელებს ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა, გამოავლენენ და დასჯიან. პოლიციას ბრძანებას ხელმძღვანელობა აძლევს და როდესაც პოლიციელებს გაუჩნდებათ იმის განცდა, რომ ბრძანების შესრულების შედეგად ისინი დაისჯებიან, იმიტომ რომ პოლიტიკური ვითარება მოითხოვს ამას, ასეთი პოლიციელი მოტივაციას დაკარგავს და ის საზოგადოებრივი წესრიგს სრულფასოვნად ვეღარ დაიცავს. თუკი ძალოვანი სტრუქტურები ქვეყანაში ჩამოიშალა, ის უზნეო ადამიანები, ვისაც მსგავსი აქციებით სურს ქვეყანაში დესტაბილიციის შექმნა, ფრთებს გამოისხავენ. გუშინდელი განცხადებით მთავრობამ უკან დაიხია, ზოგადად აღიარებაში და უკან დახევაში ცუდს არაფერს ვხედავ, მაგრამ ეს არ მომხდარა პირველად. სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესები აუცილებლად გაგრძელდება, რადგან მათ ვერ მიიღეს ის შედეგი, რაც უნდოდათ. მე ვურჩევდი ხელისუფლებას, მეტი წინდახედულობა გამოიჩინოს, რადგან წინ გვაქვს 17 მაისი და 26 მაისი.
აქციის კვალს „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „გირჩისაკენ“ მივყავართ. მათი მთელი მენტალიტეტი რევანშზეა დაფუძნებული. მათთვის ხალხი ღირებულებას არ წარმოადგენს. ისინი ხალხის შეცდომაში შეყვანის ფასადაც არ ერიდებიან ხაფანგების დაგებას და ხელისუფლებაც გამოუცდელი კაცივით ხშირად ებმევა მათ ხაფანგში. აუცილებელია მეტი კონსოლიდაცია საზოგადოებასა და მთავრობას შორის. ძალიან ხშირად ხელისუფლების განცხადებები მოწყვეტილია იმ რეალობას, რომელიც საზოგადოებაში სუფევს.
ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში არსებულმა კრიზისმა განაპირობა. ძალიან ბევრი რამ მიანიშნებს იმაზე, რომ დაპირისპირების კერები ჩნდებოდა, ამაზე ძალიან ეფექტურად მუშაობენ ანტისახელმწიფოებრივი ძალები. ივანიშვილის დაბრუნება საზოგადოებამ აღიქვა, როგორც ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალება და სიხარულით შეხვდა მის ამ ნაბიჯს. მის გამოჩენას მოჰყვა აქცია, რომლის მოწმენიც გუშინწინ და გუშინ გავხდით და დარწმუნებული ვარ, მისი ჩატარების იდეა 3 საათში არ გაჩენილა”, – განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები