რამაზ საყვარელიძე: ნებისმიერი მანია გამორიცხავს თავისუფლებას

ნარკომანია მოთხოვნილებებზე მიჯაჭვის რადიკალური ვარიანტია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ნარკომანიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი მანია და მიჯაჭვულობა თავისუფლებას გამორიცხავს.
“ბუდიზმი თავისუფლების ერთ-ერთი უძველესი კონცეფცია გახლავთ, რომლის არსიც გახლავთ, რომ მოთხოვნილებებისგან გათავისუფლება თავისუფლების ძირითადი პირობაა. ნარკომანია კი, მოთხოვნილებებზე მიჯაჭვის რადიკალური ვარიანტია. ნებისმიერი მანია გამორიცხავს თავისუფლებას. ის პათოსი, რომ მე თუ თავისუფალი ვარ, ნარკომანობა უნდა შემეძლოს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დაუშვებელია, იურიდიულით დასაშვები. თუ იურიდიული კუთხით მივუდგებით, რომ ადამიანის ნებისმიერი მოთხოვნილება უნდა იყოს დაკმაყოფილებული, მაშინ გამოდის, რომ ამ მოთხოვნილებებში უნდა შევიდეს აგრესიიც დაკმაყოფილებაც, რადგან ყველა ადამიანს აქვს აგრესიის მოთხოვნილება, აქედან გამომდინარე, საინტერესოა თავად პრინციპზე მსჯელობა თუ რა არის თავისუფლება? ამ კითხვაზე მარტივად პასუხს ვერ მივიღებთ, თუ ქვეყნის მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე ვისაუბრებთ, ხელაღებით არც ნარკოტიკის ლეგალიზაციას დავთანხმდებოდი, არც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს დასკვნა, რომ გადაწყვეტილების გადადება და მოვლენებზე დაგვიანებით რეაგირება იმ შედეგამდე მიდის, რაც ამ დღეებში ქვეყანამ იგემა. დიდი ხანია, ქვეყანა ამ პრობლემის წინაშე დგას და, შესაბამისად, დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო ეს პრობლემა შესწავლილი. საქმე ის გახლავთ, რომ ნარკომანი ყველა ქვეყანაში თავისებურია. ამიტომ შესასწავლია როგორია ქართველი ნარკომანი და რა ტიპის ადამიანები ხდებიან ნარკოდამოკიდებულები. თუკი საუბარია ლეგალიზაციაზე, სასურველია, სადღაც ლოკალურ ზონაში მოისინჯოს ლეგალიზაცია და მისი შედეგები და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ კანონმდებლობის შეცვლაზე. შესაძლოა ლეგალიზებით აღარ იყოს ის მწვავე პრობლემები, რასაც ეს ახალგაზრდები აპროტესტებენ, რომ მათ არ იცოდნენ რას იკეთებდნენ და სწორედ ამიტომ დადგა ლეტალური შედეგი, მაგრამ შესაძლოა ლეგალიზებით უფრო მეტი გავრცელება ჰპოვოს სწორედ ე.წ. ჭუჭყიანმა ნარკოტიკმა, რადგან ის უფრო იაფია. ამიტომ ვისურვებდი, რომ ყველა გადაწყვეტილებას წინ უძღოდეს შესწავლა. ნარკომანია ისე ფართოდ გავრცელდა დღევანდელ ქართულ კულტურაში, რომ მისი ფესვებია საპოვნელი და საბრძოლველი.
ნარკომანიის პრობლემა მაშინაც მწვავედ იდგა, როდესაც სოციალურ ფონს არ ჰქონდა ასეთი ჟღერადობა, ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნარკომანების გავრცელებას. აი, უმუშევრობა ნამდვილად უწყობს ამ მანიას ხელს, ამავდროულად უმუშევარი ადამიანიც რასაკვირველია შეიძლება იყოს ძალიან ნებიერი და ბედნიერი ადამიანიც და სწორედ ასეთ ნარკომანიასთან გვაქვს საქმე უცხოეთში ძირითადად. თუკი მიზეზი სოციალური გასაჭირია ასეთ ადამიანს წესით უნდა ჰქონდეს მიზანი, გაიუმჯობესოს მდგომარეობა, თუკი მას ეს მიზანი არ ამოძრავებს და კულტურა დარდისკენ ან ნეტარებისკენ უბიძგებს, აქ მიზეზი მის კულტურაში უნდა ვეძებოთ.
აღნიშნული საკითხის შესასწავლად პროფესიონალი სპეციალისტები საკმარისზე მეტი გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ, არსად სჩანს დამკვეთი. რუსეთშიც კი, ნებისმიერი დეპუტატი დაკვეტას უკეთებს პიარ-კამპანიას (რომელშიც ფსიქოლოგებიც შედიან), რათა პიარ-კამპანია მას დაეხმაროს. საქართველოში კი, სამწუხაროდ, სულ რამოდენიმე პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც ის კულტურა აქვს, რომ პიარის სპეციალისტებს რაღაც დაუკვეთოს, მეორე საკითხია დაუჯერებს თუ არა. ზოგადად მეცნიერების გამოყენების კულტურა გვაკლია. პრობლემურია განათლების მიმართ დამოკიდებულება”, – განაცხადა საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები