შს მინისტრი „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით პარლამენტთან მიმდინარე აქციის ლიდერებს ხვდება
შს მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მივიდა.
ამ წუთებში გიორგი გახარია „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით პარლამენტთან მიმდინარე აქციის ლიდერებს ხვდება. შეხვედრას, რომელიც პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს, ბექა წიქარიშვილი და ვახუშტი მენაბდე ესწრებიან.
რამდენიმე წუთის წინ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ იგი მზად არის, აქციის მონაწილეებს შეხვედროდა.
„თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს რაიმე სახის კითხვები, მე პირადად მზად ვარ რამდენიმე წუთში ვიყო აქციის ორგანიზატორებთან ერთად ამ ტერიტორიაზე. დავჯდეთ და აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად გავცეთ ყველა კითხვას პასუხი, რამეთუ კარგად გვესმის, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა გახარიამ დღეს „იმედის“ ეთერში.