გიორგი მაღრაძე: ყოველწლიურად 2100 ადამიანზე მეტი პასიური მწეველი იღუპება თამბაქოს კვამლისგან

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მაღრაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და თამბაქოს მოხმარების შესახებ ახალი რეგულაციები დადებითად შეაფასა.
მისი თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება, საზოგადოებაზე ზრუნვას ემსახურება, რათა შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და დაცულები იყვნენ არამწეველები.
“ჩვენი ორგანიზაცია თავიდანვე იყო ამ კანონის შემუშავებაში ჩართული, შესაბამისად ყველა ის პუნქტი, რომელიც დღეს კანონშია წარმოდგენილი, დიდი მსჯელობის შედეგადაა მიღებული. გავითვალისწინეთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. კანონი ემსახურება ჩვენს საზოგადოებაზე ზრუნვას, იმ ხალხის დაცვას, ვინც თამბაქოს მოხმარებისგან, პირდაპირი თუ ირიბი გაგებით იღუპება, ვიმედოვნებთ, რომ მალე საგრძნობლად შემცირდება ის დაავადებები, რომელიც თამბაქოს მოხმარებითაა გამოწვეული. ეს კი მწეველებსაც უბიძგებს იმისკენ, რომ თავი დაანებონ მოწევას. ვცდილობთ, რომ ამ მავნე ჩვევას მოქალაქეებმა თავი დაანებონ. მეორე მხრივ, პასიური მწეველების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. დაახლოებით 2100 ადამიანზე მეტი პასიური მწეველი იღუპება იმის გამო, რომ უბრალოდ სხვის მიერ გამოშვებულ თამბაქოს კვამლს სუნთქავენ. ასევე, შემცირდება ის დანახარჯები, რომელიც იმ დაავადების მკურნალობას სჭირდება, რომელსაც თამბაქოს მოხმარება იწვევს. ეს ყველაფერი კი შემდგომში ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება”,-განაცხადა გიორგი მაღრაძემ.
რაც შეეხება აღსრულების მექანიზმს, მისივე თქმით, ამ საკითხზე სხვადასხვა უწყებები იზრუნებენ. თუმცა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა შენობის ადმინისტრაციას დაეკისრება. გიორგი მაღრაძის განცხადებით, ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში დაჯარიმდება, როდესაც ის არ დაემორჩილება ადმინისტრაციის მოთხოვნებს.
“კანონის აღსრულებაზე რამდენიმე უწყება აგებს პასუხს, პირველ რიგში ესაა შს სამინისტრო. პატრული მოახდენს ამაზე რეაგირებას. ხოლო თამბაქოს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს, აღსრულების თვალსაზრისით მათ მეტი შესაძლებლობა ექნებათ. მოწევა აქამდეც ბევრ დაწესებულებაში აკრძალული იყო, ძირითადი ცვლილებები ადმინისტრირებასთან დაკავშირებით მოხდა. ამ კანონით დიდი პასუხისმგებლობა შენობის ადმინისტრაციაზე გადადის, ანუ ისინი არიან პასუხისმგებლები თავიანთ ტერიტორიაზე მოაწესრიგონ და აკრძალონ თამბაქოს მოხმარება. თუ ადმინისტრაცია ამას ვერ მოახერხებს, ჩაერთვება პოლიცია და მოხდება მათი დაჯარიმება პირველ ჯერზე 500 ხოლო განმეორებით 1000 ლარის ოდენობით. ხოლო პიროვნების დაჯარიმება 50 ლარით იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის არ დაემორჩილება ადმინისტრაციას”,-აღნიშნა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოწევა აკრძალული არაა და განმარტა, რომ მოწევა იკრძალება მხოლოდ იმ ტიპის დახურულ შენობა-ნაგებობებში, რომელიც საჯარო სივრცეებია. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული კანონის შემუშავებაში კაფე-ბარების და რესტორნების წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე კი თამბაქოს შესახებ კანონის გამკაცრებას 87%-მა დაუჭირა მხარი.
“არავინ არ უკრძალავს მწეველებს მოწევას, მოწევა იკრძალება იმ ტიპის დახურულ შენობა-ნაგებობებში, რომელიც საჯარო სივრცეებია, სადაც მწეველის გვერდით შესაძლოა იყოს არამწეველი, ორსული, მოხუცი და სხვა. თუმცა მწეველს თავის საკუთრებაში მოწევა ჩვეულებრივად შეუძლია. ესაა ხაზგასასმელი.
კაფე-ბარების და რესტორნების წარმომადგენლებიც ჩართულები იყვნენ ამ კანონის მიღებაში. ჯერჯერობით რასაც ვაკვირდებით, კანონი საკმაოდ კარგად მუშაობს. დაწესებულებებში შესვლისთანავე ინფორმაცია მიეწოდება მომხმარებელს. სამი დღის განმავლობაში, მხოლოდ ორი რესტორანი დაჯარიმდა.
საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე კი, 87%-მა მხარი დაუჭირა ამ კანონის აუცილებლობას”, – განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მაღრაძემ მედიაჰოლდინგ “კვირის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები