„ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილთან იყო კონსულტაციები პოლიტსაბჭოს კანდიდატების შერჩევის დროს“

ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილთან იყო კონსულტაციები პოლიტსაბჭოს კანდიდატების შერჩევის დროს, რადგან ის ყრილობამ უნდა დაამტკიცოს პარტიის ხელმძღვანელად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების პრინციპს ძველი პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.
„ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილთან იყო კონსულტაციები პოლიტსაბჭოს კანდიდატების შერჩევის დროს, რადგან ის ყრილობამ უნდა დაამტკიცოს პარტიის ხელმძღვანელად, ამიტომ ამაში უჩვეულო არაფერია. ახალ შემადგენლობაში არ არის წარმოდგენილი არც ერთი კომიტეტის თავმჯდომარე. გარკვეული პრინციპი იყო შეთანხმებული, რომ იქნებოდა პარლამენტიდან სპიკერატი, ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნება“, ამიტომ მე და ჩემი ორი მოადგილე ვართ პოლიტსაბჭოში. ასევე, გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი და ორი მინისტრი ყოფილიყო პოლიტსაბჭოში“, – განაცხადა მდინარაძემ.
თავმჯდომარის თქმით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტსაბჭოს წევრი იქნება.
„გიორგი კვირიკაშვილს აქვს უდიდესი საქმე და აბარია ქვეყანა. ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვფიქრობ, დამატებით ფუნქციები ამ ყველაფერს აღარ სჭირდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, პარტიის შიგნით იყო ლოკალური პრობლემები, თუმცა ახლა პრობლემა ამოწურულია.
„მოხდა უტრირება ამ ყველაფერის. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული შეკამათება, რაც, სამწუხაროდ, გადავიდა საჯარო სივრცეში, მაგრამ ეს პრობლემა აბსოლუტურად ამოწურულია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები