აკაკი ზოიძე: დავით საგანელიძეს პოლიტსაბჭოდან გასვლა უნდოდა, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით, დარჩა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ პოლიტსაბჭოს წევრთა შემადგენლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს, დავით საგანელიძეს პოლიტსაბჭოდან გასვლა უნდოდა, თუმცა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ის საბჭოში დარჩა. როგორც მან აღნიშნა, საბჭოში უნდა ყოფილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც არ იქნებოდა არც პარლამენტიდან და არ მთავრობიდან.
“დავით საგანელიძემ დააყენა ეს საკითხი, თვლიდა, რომ შეიძლებოდა მისი წევრობა სხვაგვარად ყოფილიყო აღქმული, მაგრამ პოლიტსაბჭოზე ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ საბჭოში უნდა ყოფილიყო ადამიანი, არა პარლამენტიდან ან მთავრობიდან. ასეთი ადამიანი იყო დავით საგანელიძე.
ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ და შევთანხმდით პრინციპზე, რომელიც არის ის, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში უნდა ყოფილიყვნენ აღმასრულებელი მდივნები, სპიკერატი პარლამენტიდან, ასევე ფრაქციის წარმომადგენლები. “, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია. ხოლო რაც შეეხება იმას, თავად იქნება თუ არა პოლიტსაბჭოში, ამასთან დაკავშირებით ზოიძე ამბობს, რომ ეს მისი თვითმიზანი არასდროს ყოფილა.
“თავად შემადგენლობა უკვე ცნობილია და მე ვიმეორებ, ჩემთვის, ისე როგორც დანარჩენი ყოფილი წევრებისთვის, პოლიტსაბჭოს წევრობა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა და არ არის. პოლიტსაბჭო არის პირველ რიგში ორგანო, რომელიც განსაზღვრავს პარტიის კურსს, სტრატეგიულ კურსს და ამას აკეთებს პარტიის თავმჯდომარე. უნდა შექმნილიყო პარტიისთვის ყველაზე მოქნილი სტრუქტურა და ამიტომ შემცირდა პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა 15-მდე. ეს არის ის ოპტიმალური სტრუქტურა, რომელიც შეიძლება მართო. არანაირი პიროვნული დისკუსიები არ ყოფილა”, – აღნიშნა ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები