ყოფილ დეპუტატ ზურაბ ნეფარიძეს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძალვით ქრთამის აღების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული ზ.ნ. დამნაშავედ სცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი ზ.ნ. ბიუროში დასაქმებული პირის ა.ნ.-ს დახმარებით, ბიუროს ოთხ თანამშრომელს, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით, ქრთამის სახით, სძალავდა მათთვის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის ნაწილს. აღნიშნული გზით ზ.ნ.-მ 2014-2017 წლის პერიოდში თანამშრომლებს ქრთამის სახით 16040 ლარი გამოსძალა.
ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ნ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მაჟორიტარის ოფისის ფუნქციონირებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თანხებს.
ზ.ნ-მ თავის ბიუროში ფიქტიურად დაასაქმა მისი შვილის მეგობარი მ.ლ., რომელსაც წინასწარი შეთანხმების თანახმად, ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი, ხოლო რეალურად აღნიშნულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდა ზ.ნ., რითაც ის, 2014 წლის 15 აგვისტოდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით, თაღლითურად დაეუფლა საკრებულოს კუთვნილ, დიდი ოდენობით 36 552,5 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები