გიორგი კვირიკაშვილი: რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ვიქნები

„დიახ, რა თქმა უნდა კი”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პარტია „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ყოფნასთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის თქმით, შემადგენლობასთან ერთად, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე, პარტიის სამომავლო გაძლიერების პერსპექტივები იქნება განხილული.
„პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული მომავალი პარტიული საქმიანობის საკითხები. მე უკვე გავაკეთე კომენტარი და ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საერთოდ, სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება”, ვერ ჩამოყალიბდა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა და ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და, უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე, მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში იმუშავებს კიდევ უფრო აქტიურად. ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. განხილული იქნება სამომავლო პერსპექტივები, პარტიის გაძლიერება, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები