აღსრულების ეროვნული ბიურო ანა სუბელიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ანა სუბელიანის აღდგენა შეუძლებლად ჩაითვალა, რადგან სასამართლოს მიერ მითითებული პოზიცია არც დავის წარმოშობისას, არც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და არც მერე არსებულა, – ამის შესახებ „კვირას“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადების თანახმად, „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ყოფილი თანამშრომლის, ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა ვერ მოხერხდა, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი აღდგენა უნდა მომხდარიყო ტოლფას თანამდებობაზე. თუმცა, ასეთი საშტატო ერთეული აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ არსებობს.
„კვირა“ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2018 წლის 27 აპრილს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ყოფილ თანამშრომელ ანა სუბელიანს სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით უკან დაუბრუნა, რასაც, ბუნებრივია, აქვს თავისი სამართლებრივი საფუძვლები:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 4 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ხაზგასმით წერია, რომ ანა სუბელიანის აღდგენა უნდა მომხდარიყო ტოლფას თანამდებობაზე, რომელიც მოსამართლემ თავადვე განსაზღვრა და მიუთითა − მედიაციის სახლის მენეჯერის პოზიცია; სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საშტატო ნუსხაში კი, არც დავის წარმოშობის, არც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და არც სააღსრულებო პროცესის პერიოდში − დღემდე, ასეთი თანამდებობა არ არსებობს, რითაც აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებულია უფლებამოსილებას, მოვალე მხარეს იძულებით მოსთხოვოს ანა სუბელიანისთვის სხვა ალტერნატიული თანამდებობის შეთავაზება.
მიუხედავად ამისა, აღსრულების ეროვნული ბიურო, როგორც ნების მიერ სხვა სააღსრულებო წარმოებაში, ამ შემთხვევაშიც, ხელმძღვანელობდა მხარეთა ინტერესების ბალანსის დაცვით. ბიუროს ძალისხმევით, 5 თვის განმავლობაში განხორციელდა არაერთი შეხვედრა მხარეებთან; მოვალე მხარისგან გამოთხოვილი ყველა საჭირო დოკუმენტაციით დადასტურდა, რომ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილების სრულად აღსრულების შემაფერხებელი ობიექტური გარემოებები, რის გამოც ბიურო ეცადა, საქმე მხარეებს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე მორიგებით დაესრულებინა. სწორედ ამ მიზნით 2017 წლის 13 დეკემბრიდან, რაც ანა სუბელიანმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სააღსრულებო წარმოებაში აღმასრულებელთან ერთად ჩაერთო მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურიც. მას შემდეგ, რაც ანა სუბელიანს მედიაციისას განემარტა აღსრულების შემაფერხებელი ობიექტური გარემოებების შესახებ, მან მორიგების სანაცვლოდ მის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გარდა მოითხოვა 12 500 ლარისოდენობის თანხა, რასაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ვერ გადაიხდიდა სამართლებრივი საფუძვლის უქონლობის გამო. სამწუხაროდ, მიუხედავად აღსრულების ეროვნული ბიუროს ძალისხმევისა, მხარეებს შორის შეთანხმება და მორიგება პირობების რადიკალური სხვაობის გამო ვერ მოხდა.
სწორედ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვინაიდან შეუძლებელი იყოს ააღსრულებო ფურცლის სასამართლოს მიერ დადგენილი მოცემულობის ფარგლებში აღსრულება, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, იხელმძღვანელა რა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით (35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი), მიიღო გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით უკან დაბრუნების შესახებ“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები