ვეს მიტჩელი გიორგი კვირიკაშვილს – მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით

მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე – ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად, – ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ უმაღლეს შეფასებას აძლევს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის 4-პუნქტიან გეგმას, რომელიც ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ვეს მიტჩელმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო მისიებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
„საქართველოს აქვს ამერიკის მხარდაჭერა. ჩვენ ვაფასებთ იმ მსხვერპლს, რომელიც თქვენ გაიღეთ ჩვენი საერთო საქმისთვის. ასევე ვაფასებთ იმას, რომ თქვენ ხართ მაგალითი ძალიან მღელვარე რეგიონში – საქართველო არის ძალიან ძლიერი სიმბოლო. მადლობას მოგახსენებთ თქვენი ლიდერობისთვის, იმ როლისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენი გუნდი ასრულებთ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ასევე – ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენ ხართ ჩვენი პარტნიორი”, – მიმართა ვეს მიტჩელმა გიორგი კვირიკაშვილს.
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მასთან სატელეფონო საუბრიდან ძალიან მოკლე დროში საქართველოში ვიზიტისთვის, ასევე სახალხო დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ყველამ აღნიშნა და სათანადოდ დააფასა თქვენი ძლიერი გზავნილები აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ. საქართველო განუხრელად მიჰყვება ნატოსკენ და ევროინტეგრაციისკენ მიმავალ თანმიმდევრულ გზას და თქვენი დახმარება ამ გამოწვევებით აღსავსე გზაზე ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
„2017 წელი განსაკუთრებული იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. მინდა, გავიხსენო ვიცე-პრეზიდენტ პენსის ისტორიული ვიზიტი საქართველოში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, განსაკუთრებით, მისი ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ნატოსა და ევროპაში ინტეგრაციისკენ მიმავალ, გამოწვევებით აღსავსე გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის ნათელი გამოხატულება. ამ გამოწვევებით აღსავსე რეგიონში ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე. ჩვენ მადლობელნი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის არსებითი, უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები