მცირეწლოვანი, რომელსაც სასამართლომ იტალიაში მკურნალობის უფლება არ მისცა, დღეს დილით გარდაიცვალა

მძიმედ დაავადებული მცირეწლოვანი – ელფი ევანსი, რომლის მშობლებსაც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ ბავშვის იტალიაში გადაყვანის და იქ მკურნალობის გაგრძელების უფლება არ მისცა, დღეს დილით ლივერპულის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „გარდიანი“ ავრცელებს. ელფი ევანსის მშობლებმა სასამართლო პროცესი რამდენიმე ინსტანციაში წააგეს, მათ ბრიტანეთის სასამართლომ უარი უთხრა ბავშვის იტალიაში გადაყვანაზე, მკურნალობის გასაგრძელებლად.
ელფი ევანსს 1 წლის წინ, ექიმებმა ტვინის დემენციური დაავადება აღმოუჩინეს და მას შემდეგ ბავშვი კომაში იმყოფებოდა . იმის გამო, რომ დამოუკიდებლად სუნთქვას ვერ ახერხებდა, პატარა 1 წლის მანძილზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავდათ მიერთებული. 2 წლის ელფი ევანსი ბრიტანელმა ექიმებმა, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რამდენიმე დღის წინ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთეს. ფაქტს ბრიტანელების უკიდურესი აღშფოთება მოჰყვა. მოქალაქეები საავადმყოფოს წინ შეიკრიბნენ, პარალელურად კი სოციალურ ქსელში საავადმყოფოს გადაწვის მოწოდებები ვრცელდებოდა.
მსგავსი შემთხვევა ბრიტანეთში 2017 წელსაც დაფიქსირდა, როდესაც 4 წლის ჩარლი გარდის საქმეზე სასამართლომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო და ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთეს. მას მიტოქონდრიალური დეფიციტის დიაგნოზი ჰქონდა დასმული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები