თამარ ჩუგოშვილი და ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა ახალ ევროკომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდნენ

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და დელეგაციის წევრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია  ადამიანის უფლებათა ახალ ევროკომისარ – დუნია მიატოვიჩს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება იყო. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ადამიანის უფლებათა ახალ ევროკომისარ – დუნია მიატოვიჩთან შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ვისაუბრეთ.

კომისარი, სულ ოთხი კვირაა, რაც შეუდგა თავისი მანდატის შესრულებას. ბუნებრივია, რომ  უფრო ზოგადი შეხვედრა გვქონდა, მოვიწვიეთ საქართველოში.   ვისაუბრეთ იმ  პრობლემებზე რაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის იმ რეზოლუციაზე, რომელზეც მუშაობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

დუნია მიატოვიჩი საქართველოს ძალიან დიდი მეგობარია, კარგად იცნობს ჩვენ ქვეყნაში არსებულ მოვლენებს და დადებითად აფასებს პროცესებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება ინფორმაციის ძალიან მჭიდრო მიმოცვლა, როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.

საპარლამენტო დელეგაციის წევრის, ეკა ბესელიას შეფასებით, დუნია მიატოვიჩის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ყოველთვის იწვევს ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების გამო და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ, ჩვენი შეთავაზება, რომ ის  საქართველოში ჩამოვიდეს არის ის ტრადიციული თხოვნა, რომლითაც ჩვენ კომისარს მივმართავთ ხოლმე. სამწუხაროა, რომ როდესაც ადამიანის უფლებათა კომისარი  საქართველოში ჩამოდიოდა, ის ვერ ახერხებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას.

დუნია მიატოვიჩის ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც ახლა საქართველოსთვის მტკივნეულია და ყველაზე მგრძნობიარე თემაა, არის  ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები  ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, კომისარი ძალიან გულისხმიერად შეხვდა ამ წინადადებას, ის განიხილავს  კონკრეტულ თარიღს. რასაკვირველია, მას ჰქონდა  ჩამოსვლის  და ასევე,   კომისართან ჩვენი წარმომადგენლობის მხრიდან  ძალიან კარგი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა. გვექნება მუდმივი კონტაქტი, ინფორმაციის გაცვლა კომისრის ოფისთან და უშუალოდ პირადად მასთან. ეს შეხვედრაც ამ მზაობის კიდევ ერთი დადასტურება იყო”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები