რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა გასვლითი სხდომა მცხეთა-მთიანეთში გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე წლის რიგით მეორე გასვლითი სხდომა გამართა.

მცხეთაში გამართულ ღონისძიებას, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები – საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები დაესწრნენ.

კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია მიესალმა სხდომის მონაწილეებს და აღნიშნა რომ, გასვლითი სხდომა  არის კარგი პრაქტიკა, რომელიც რეგიონში არსებული საკითხების ერთ სივრცეში მიმოხილვის, კონკრეტული პოლიტიკისა განსაზღვრისა და მომავალი ნაბიჯების დაგეგმვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. მისივე თქმით, გასვლითი ფორმატი მნიშვნელოვანია რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან დიალოგისა და კომუნიკაციისთვის.

კომიტეტის გასვლითი სხდომა დღის წესრიგის საკითხების განხილვით გაგრძელდა. საქართველოს პარლამენტის წევრმა კახა კუჭავამ, საქართველოს პარლამენტის წევრების კახა კუჭავას და ნინო წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, მესამე მოსმენით წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს თბილისში საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას განტვირთვას.  აღნიშნული კანონპროექტის მიღების მიზეზია დედაქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობა ტრანსპორტის მოძრაობის სფეროში. გადატვირთული ქუჩები, ხშირი საცობები და მოქალაქეების მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის სექტორში არსებული სრული ქაოსი.

კანონის პროექტით ცვლილებები შედის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 75-ე მუხლში, რომლითაც თბილისის საავტომობილო მოძრაობის სფეროში მთავრობის უფლებამოსილებები განისაზღვრება.

გასვლით სხდომაზე კანონმდებლებმა ის საკითხები  განიხილეს, რომელიც რეგიონს უკავშირდება და მონაწილეთა თქმით,  საქალაქო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ნიუანსებს მოაწესრიგებს.

გასვლით სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ,  სოფელ ფრეზეთის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების ინიციატივა დააყენა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სოფელი ფრეზეთი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისაღებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

„სოფელი ფრეზეთი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომ მას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ქონდეს და ყველა ის სარგებელი მიიღოს, რაც კანონმდებლობით არისგანსაზღვრული. იცით, რომ სოფელში ჩასახლებულები არიან იძულებით გადაადგილებული პირები, შესაბამისად, დევნილი მოსახლეობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი კრიტერიუმი, კერძოდ, დემოგრაფია, ფრეზეთში მაღალ მაჩვენებლად ითვლება, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ვერ ღებულობს“,-განაცხადა მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარეს ზაზა გაბუნიას სთხოვა, აღნიშნული საკითხი „მთის ეროვნულ საბჭოში“ დააყენოს.  კომიტეტის თავჯდომარე კი  დაპირდა, რომ საბჭოში აღნიშნული ინიციატივის რეკომენდატორი იქნება.

სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ლევან ზაუტაშვილმა. გუბერნატორმა რეგიონში არსებულ   გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანეს პრობლემას  სტიქიური ნაგავსაყრელები წარმოადგენს. მისივე თქმით, რეგიონში  შეინიშნება ისეთი ძირითადი სოციალური სერვისების არათანაბარი ხელმისაწვდომობა, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ლევან ზაუტაშვილმა რეგიონში არსებულ მსხვილ საწარმოებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საწარმოები აღჭურვილნი არიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამწმენდი ნაგებობებით და მათი გარემოზე ზემოქმედების  ხვედრითი წილი, შესაბამისად, ნაკლებია.

სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე და წევრებმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები